აღსდგა თუ არა ქრისტე მკვდრეთით?



         ყველა ჩვენთაგანს აინტერესებს რა მოხდება, როცა მოვკვდებით. ჩვენთვის საყვარელი ადამიანები სიკვდილის შემდეგ გვენატრება და გვინდა ხელახლა შევხვდეთ მათ, როდესაც ჩვენი დრო მოვა. მოხდება თუ არა ნანატრი შეხვედრა მათთან, ვინც გვიყვარს, თუ სიკვდილი ყოველგვარი ცნობიერების დასასრულია?
        ქრისტე გვასწავლიდა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება ჩვენი სხეულის სიკვდილით; მან საოცარი რამ განუცხადა თავის მოწაფეებს: ”მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. (იოან. 11:25)” ქრისტეს უახლოესი მოწაფეები ამოწმებენ მის ძალაუფლებას სიკვდილზე ჯვარცმიდან 3 დღის შემდეგ მკვდრეთით აღდგომით. ეს არის რწმენა, რომელიც იმედს აძლევს ქრისტიანებს თითქმის 2 000 წლის მანძილზე. ზოგიერთ ადამიანს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ სწამს. ათეისტი ფილოსოფოსი ბერნარდ რასელი წერდა: ”მე მჯერა, რომ როდესაც მოვკვდები - გავიხრწნები, და ჩემი ეგოდან არაფერი დარჩება”[1]. რასელს შესაბამისად არ სწამდა ქრისტეს სიტყვების.
        მოციქულები ამტკიცებდნენ, რომ ქრისტე მათ წინაშე წარსდგა ცოცხალი, ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი. არა მარტო ხედავდნენ, არამედ მასთან ერთად ჭამდნენ, სხეულზე შეეხნენ და 40 დღე ერთად გაატარეს.
        არის თუ არა ეს ისტორია მითი, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდა თუ დაფუძნებულია სოლიდურ მოწმობებზე? ამ კითხვაზე პასუხი ფუნდამენტურია ქრისტიანობისთვის. თუ ქრისტე მართლაც აღსდგა, მაშინ ეს გარემოება ადასტურებს მისი ყოველი სიტყვის უტყუარობას - სიცოცხლის მნიშვნელობას და ჩვენ განგებას სიკვდილის შემდეგ. თუ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით, მაშინ ის ერთადერთია ვისაც შეუძლია თქვას რა არის სიცოცხლე და რა გველოდება სიკვდილის შემდეგ. მეორეს მხრივ, თუ მოწმობა ქრისტეს აღდგომაზე არაა მართალი, მაშინ ქრისტიანობა ტყუილზე ყოფილა დაფუძნებული. თეოლოგი რ.ს. სპროული შემდეგნაირად აყალიბებს მოსაზრებას: ”აღდგომის მტკიცებულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობისთვის. თუ ქრისტე ჭეშმარიტად აღადგინა ღმერთმა, მაშიმ მას აქვს ისეთი უფლებამოსილება, რომელიც არც ერთ რელიგიურ ლიდერს არ აქვს. ბუდა მკვდარია. მუჰამედი მკვდარია. მოსე მკვდარია. კონფუცი მკვდარია. მაგრამ ქრისტიანობის თანახმად... ქრისტე ცოცხალია ”.[2]
        ბევრი სკეპტიკოსი შეეცადა აღდგომის უარყოფას. ჯოზეფ მაკდაუელი ერთ-ერთი ასეთი სკეპტიკოსი გახლდათ, რომელმაც 700 საათზე მეტი დრო მოანდომა საჭირო სამხილების გამოკვლევას. მაკდაუელი წერდა: ”მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ქრისტეს აღდგომა არის ყველაზე მეტად ბოროტი და უსულგულო ტყუილი რაც კი ოდესმე მოუხვევიათ ადამიანებზე, ან ისტორიაში ყველაზე საოცარი ფაქტი”. [3]
        არის თუ არა ქრისტეს აღდგომა მართლაც საოცარი მოვლენა თუ მანკიერი მითი? ამისთვის საჭიროა გამოვიკვლიოთ შესაბამისი ისტორიული მოწმობები და გამოვიტანოთ დასკვნები. განვიხილოთ, თუ რა გამოიკვლიეს სკეპტიკოსებმა აღდგომის გამოძიების პროცესში.

ცინიკოსები და სკეპტიკოსები

        სამწუხაროდ, ყველას როდი სურს პატიოსნად გამოიკვლიოს მტკიცებულებები. ბერნარდ რასელმა, მაგალითად, აღიარა, რომ ის არ იწუხებდა თავს ისტორიული ფაქტების გამოკვლევით.[4] ისტორიკოსმა ჯოზეფ კემპბელმა მტკიცებულებათა სრული უგულებელყოფით PBS ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ აღდგომა არ არის დადასტურებული. [5] სხვა მკვლევარები, მაგ. ჯონ დომინიკ კროსანი მათ ემხრობა. არც ერთი ამ მკვლევართაგან თავიანთ შეფასებებში არ ეყრდნობოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს.[6] ნამდვილი სკეპტიკოსი, ცინიკოსისგან განსხვავებით, დაინტერესებულია მტკიცებულებებით. სანამ გარკვეულ დასკვნას გამოვიტანთ და რაიმეს დავიჯერებთ, აუცილებელია მტკიცებულებათა შედარება. [7]
        რასელის და კროსანისგან განსხვავებით სკეპტიკოსებმა საგულდაგულოდ გამოიკვლიეს ფაქტები და მტკიცებულებები ქრისტეს აღდგომაზე. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ გააანალიზეს მტკიცებულებები იმ მოვლენაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორიაში: აღსდგა თუ არა ქრისტე მკვდრეთით?


წინასწარმეტყველება

        სიკვდილამდე, ქრისტემ თავის მოწაფეებს უწინასწარმეტყველა, რომ მას გასცემდნენ, დააპატიმრებდნენ, ჯვარს აცვამდნენ და 3 დღის შემდეგ აღსდგებოდა. ამგვარი გეგმა ნამდვილად უცნაურად ჟღერს. მაგრამ, ქრისტე არ ყოფილა ხალხის გამრთობი და არც ვინმეს შეკვეთებს ასრულებდა. პირიქით, ის ამბობდა, რომ მისი სიკვდილი და აღდგომა ხალხს დაარწმუნებდა, რომ ჭეშმარიტი მესსია იყო. ბიბლიის მკვლევარი ვილბურ სმიტი შემდეგ კომენტარს აკეთებს: ”ქრისტემ განაცხადა, რომ ჯვარცმიდან მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგებოდა. მსგავს სიტყვებს მხოლოდ უგუნური თუ გაბედავდა ეთქვა, რადგან მოწაფეების რწმენას ვერანაირად ვერ მოიპოვებდა, აბსოლუტურად დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო თავის აღდგომაში. მსოფლიოს არც ერთი რელიგიის დამფუძნებელს მსგავსი რამის თქმაც კი არასდროს გაუბედავს”. [8] ამ დანაპირების ვერშესრულება მას მატყუარად წარმოაჩენდა. განვიხილოთ, როგორ მოკვდა ქრისტე (თუ ის მართლაც მოკვდა) და შემდგომ, როგორ აღდგა.


საშინელი სიკვდილი…

        თუ მელ გიბსონის ფილმი გინახავთ, მაშინ მიახლოებითი წარმოდგენა გექნებათ, თუ როგორი იყო ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი საათები. თუ ამ კადრების ყურებას ვერ გაუძელით და რამე გამოგრჩათ, შეგიძლიათ აიღოთ სახარება და გადაიკითხოთ.
        მართლაც, ყოველივე, რაც ქრისტემ იწინასწარმეტყველა - ახდა. ის ღალატით გასცა მისმა მოწაფემ იუდა ისკარიოტელმა; წარადგინეს რომის იმპერიის იუდეას პროკურატორის პონტიუს პილატეს სამსჯავროზე; ბრალი დასდეს ღალატში და შფოთში; საშინლად სცემეს და შემდეგ ჯვარს აცვეს (საყურადღებოა, რომ ორჯერ დასჯით დაირღვა რომაული სამართალი, რაც ხელშეუხებელი იყო რომის იმპერიის არსებობის განმავლობაში. ამასგარდა, პილატემ სცნო, რომ ქრისტე იყო უდანშაულო და სამართალი არ დაურღვევია. პილატემ საკუთარი თავის გამართლების ნიშნად, სიმბოლურად, ხელები დაიბანა. სიკვდილით დასჯა ებრაელი მვდელმთავრების კატეგორიული მოთხოვნით მოხდა და ეწინააღმდეგებოდა რომაულ კანონმდებლობას. შემდგომში, პილატეს კარიერა შეეწირა მის მიერ რომაული სმართლის დარღვევის ფაქტს).
        იესო ქრისტე დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იყო ჯვარზე გაკრული. დღის 3 საათზე, როდესაც ებრაული პასექის დღესასწაულის ჩვეულების თანახმად მღვდელმსახურებმა ტაძარში კრავი შესწირეს, ქრისტემ წარმოსთქვა ”აღსრულდა” და გარდაიცვალა [9](აქ თითქოს სიმბოლური დამთხვევაც სჩანს). ამ დროს უეცრად, ცა მოიღრუბლა და მოხდა მიწისძვრა.[10] პილატეს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ქრისტე ნამდვილად გარდაიცვალა, რადგან ნებართვა მიეცა სხეულის დაკრძალვაზე. რომაელმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც სისხლი და წყალი გადმოიღვარა. ამის შემდეგ ცხედარი გარდამოხსნეს და დაკრძალეს იოსებ არიმათიელის კუთვნილ სამარეში. რომაელმა ჯარისკაცებმა სამარხი დახურეს და 24 საათიანი დაცვა მიუჩინეს. ქრისტეს მოციქულები შოკში იყვნენ. დოქტორ ჯ.პ. მორლანდის აზრით ”ისინი ძალიან შეშინებული და დაბნეულები იყვნენ. მათ აღარ სჯეროდათ, რომ იესო ღმერთის მოვლენილი იყო, რადგან ვერ წარმოედგინათ, რომ მესსია შეიძლება მომკვდარიყო. მოციქულები გაიფანტნენ. ქრისტეს მოძრაობა შეჩერდა”. [11] ქრისტეს მომხრეებს იმედი გადაეწურათ. რომი და ებრაელი მღვდელმთავრები ზეიმობდნენ.


რაღაც მოხდა

        მაგრამ, ეს არ იყო დასასრული. ქრისტეს მოძრაობა აშკარაა, რომ არ შეჩერებულა და 2000 წელია ვითარდება. დღეს ქრისტიანობა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა. ამდენად, ჩვენ უნდა გამოვოკვლიოთ, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ქრისტეს სხეული ჯვრიდან გარდამოხსნეს და საფლავში დამარხეს. ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში პიტერ სტეინფილდი შემდეგ კომენტარს აკეთებს: ”ქრისტეს ჯვარცმიდან სულ მცირე დროში მისი მომხრეები უცაბედად გაერთიანდნენ და დაიწყეს ქადაგება მკვდრეთით აღმდგარ იესოზე და მომავალ სასუფეველზე. ისინი არ უშინოდნენ არც დევნა-წამებას და არც სიკვდილით დასჯას. მათ შეძლეს იმპერიის შეცვლა”. უდაოდ, რაღაც მოხდა. მაგრამ, ზუსტად რა?[12] სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით და გამოვიკვლევთ არსებულ ფაქტებს.

არსებობს მხოლოდ 5 ვერსია ქრისტეს შესაძლო აღდგომაზე:

1. ქრისტე არ მომკვდარა ჯვარცმით
2. აღდგომა იყო კონსპირაცია
3. მოციქულებს ქონდათ ჰალუცინაციები
4. აღდგომა მხოლოდ ლეგენდაა
5. ნამდვილად მოხდა

მოდით შევეცადოთ გავაანალიზოთ ეს ვარიანტები.


მოკვდა თუ არა იესო?


        სანამ CSI-ის როლს მოვირგებდეთ, მოდით დავადგინოთ, მართლაც მკვდარი იყო თუ არა იესო. ჟურნალ-გაზეთებში დროდადრო შეგვხვდება სტატიები, სადაც ნათქვამია, რომ მორგში ადამიანი გამოცოცხლდა და მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. შეიძლება რაიმე მსგავსი მომხდარიყო იესოს შემთხვევაში? ზოგიერთი ვარაუდობს, რომ იესო ცოცხალი გადარჩა ჯვარცმის შემდეგ და სამარხის გრილმა და ნოტიო ჰაერმა გამოაცოცხლა. ეს ვარაუდი სამედიცინო თვალსაზრისით მიუღებელია. ავტორიტეტულ ამერიკულ ჟურნალ American Medical Association-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ზემოთმოყვანილი ვარაუდი უსაფუძვლოა. ისტორიული და სამედიცინო ფაქტები ამტკიცებს, რომ იესო ნამდვილად მოკვდა. შუბმა, რომელიც მარჯვენა ნეკნებში აძგერეს, დააზიანა არა მარტო მარჯვენა ფილტვი, არამედ პერიკარდიც (გულის გარსი) და დაამოწმა იესოს გარდაცვალება (რომაელმა ჯარისკაცმა შუბი სწორედ იმ მიზნით აძგერა, რომ დარწმუნებულიყო სიკვდილში)[13]. მაგრამ, როგორც ისტორია გვიჩვენებს, გარკვეული სკეპტიციზმი ბოლო 2 000 წლის განმავლობაში მაინც შეიმჩნევა. ამდენად, საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები. ერთ-ერთი დამატებითი მტკიცებულება იმ პერიოდის არაქრისტიან ისტორიკოსებთან შეგვიძლია მოვიძიოთ. 3 ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნება ამოწმებს ქრისტეს სიკვდილს. - ლუკიანე, ქრისტეს მოიხსენებს, როგორც ჯვარცმულ სოფისტ ფილოსოფოსს [14] - იოსებ ფლავიუსი წერს: ”ამ დროს გამოჩნდა იესო ქრისტე, დიდი სიბრძნის მქონე ადამიანი, თუკი შეიძლება ვუწოდოთ ამდენ საოცრებათა ჩამდენს ადამიანი. იმ პირთა დასმენის გამო, რომლებიც პირველობენ ჩვენში, პილატემ იგი ჯვარს აცვა. შედრკნენ ისინიც, ვინც პირველებმა შეიყვარეს იგი”. [15] - ტაციტუსი: ”ქრისტე ჯვარს აცვა ჩვენმა პროკურატორმა პონტიუს პილატემ”.[16] მოყვანილი წყაროები წააგავს არქივიდან ამოღებულ 1 საუკუნის 30-იანი წლების გაზეთ ”იერუსალიმ პოსტის” გამოცემას, სადაც პირველ გვერდზე დიდი ასოებით დაბეჭდილია - იესო ჯვარს აცვეს და მოკლეს. წყაროები საკმაოდ დამაჯერებელია. ფაქტიურად, არ არსებობს არც ერთი ისტორიული მასალა - არც რომაული და არც ებრაული, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული იესოს სიკვდილი და დაკრძალვა. ის სკეპტიკოსი მკვლევარებიც კი, რომლებიც აღდგომას არ აღიარებენ - ერთხმად ამტკიცებენ, რომ იესო ნამდვილად მოკვდა. ცნობილი სკეპტიკოსი ჯეიმს თაბორი წერდა: ”ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი ეჭვი, რომ იესო რომაელებმა დასაჯეს ჯვარცმით და ნამდვილად მოკლეს”. [17] დომინიკ კროსანიც (ცნობლილი სკეპტიკოსი, იესოს სემინარის დამაარსებელი) ადასტურებს - ”იესო ჯვარს აცვეს. ეს ისეთი უდაო ისტორიული ფაქტია, როგორც არაფერი სხვა”.[18] ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ დავასკვნათ - იესო მოკლეს.


ცარიელი საფლავის საკითხი

        როგორც ავღნიშნეთ, არც ერთი სერიოზული მეცნიერი არ დაობს, რომ იესო ნამდვილად მოკლეს ჯვარცმით. მიუხედავად ამისა, არსებობს სკეპტიკური მოსაზრება, თუ როგორ გაუჩინარდა ცხედარი სამარხიდან. ინგლისელი ჟურნალისტი დოქტორი ფრანკ მორისონი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ აღდგომა მითი იყო ან შეგნებულად გავრცელებული სიცრუე. მან გადაწყვიდა დაეწერა წიგნი, რომელშიც გამოკვლევდა ფაქტებს და საფუძვლიანად უარყოფდა ქრისტეს აღდგომას.[19] ეს წიგნი მართლაც ცნობილი გახდა მთელს მოსფლიოში, მაგრამ არა თავდაპირველად ჩაფიქრებული მიზნის გამო. მორისონი, პირველ რიგში შეეცადა აეხსნა ცარიელი სამარხის საკითხი. როგორც ცნობილია, სამარხი ეკუთვნოდა სინედრიონის წევრს იოსებ არიმათიელს. იმ დროს ისრაელში, სინედრიონის წევრი დაახლოებით ისეთივე ცნობილი პიროვნება გახლდათ, როგორც დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავი. მას ყველა იცნობდა. ის რეალური პიროვნება იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ებრაელები სრულიად უარყოფდნენ მოვლენას და სიცრუედ გამოაცხადებდნენ. ამას გარდა, იოსების შეძენილი სამარხი ყველასათვის ცნობილ ადგილზე იქნებოდა. ამდენად, ცხედრის უგზოუკვლოდ დაკარგვა საფუძველს არის მოკლებული. მორისონი დაინტერესებული იყო გაერკვია, თუ რატომ დაუშვეს ქრისტეს მტრებმა ”ცარიელ სამარხზე” ინფორმაციის გავრცელება. იესოს ცხედრის აღმოჩენა ხომ უსათუოდ, ჩანასახშივე მოკლავდა მთელ მოძრაობას.
        რა საფუძველი არსებობს იმ გარემოებაში, რომ ქრისტეს მტრებმა ბრალი დასდეს მოციქულებს ცხედრის მოპარვაში? ეს ბრალდება ხომ პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამარხი მართლაც ცარიელი იყო? დოქტორ პოლ მაიერი, მიჩიგანის უნივესიტეტის ანტიკური ისტორიის პროფესორი ასკვნის: ”თუ ყველა მტკიცებულებას პატიოსნად და საგულდაგულოდ გადავხედავთ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ სამარხი, სადაც ქრისტე პარასკევს დაკრძალეს - კვირა დილით ნამდვილად ცარიელი იყო. 2000 წლის განმავლობაში არანაირი მტკიცებულება არ იქნა აღმოჩენილი, რაც უარყოფდა ამ ფაქტს”.[20] ებრაელი მღვდელმთავრები გაოგნებული იყვნენ მომხდარით. მათ ბრალი დასდეს მოციქულებს ცხედრის მოპარვაში. მიუხედავად ამისა, გამოცდილი რომაელი ჯარისკაცები (4 დან 12 კაცამდე) 24 საათიან რეჟიმში ყარაულობდნენ სამარხს, რათა ნებისმიერი ინციდენტი აღეკვეთათ. მორისონი სვამს კითხვას: ”როგორ დაუშვებდენ უაღესად გამოცდილი პროფესიონალი რომაელი ჯარისკაცები იესოს ცხედრის დაკარგვას?” სრულიად გამორიცხულია, რომ ვინმე შეძლებდა რომაელი ჯარისკაცების თვალწინ მალულად 2 ტონიანი ლოდის გადაგორებას. მიუხედავად ყველაფრისა, საცავი ლოდი გადაგორებული იყო და სამარხში ცხედრი აღარ იყო. როგორც ცნობილია, შემდგომში, მღვდელმთავრებმა მოისყიდეს რომაელი ჯარისკაცები და ათქმევინეს, თითქოს მათ ჩაეძინათ და მოციქულებმა ცხედარი მოიპარეს. ცნობილია, რომ რომში მკაცრად ისჯებოდა ჯარისკაცის პოსტზე ჩაძინების ფაქტი. ეს გარემოება საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვან დეტალებს ხდის ფარდას. ქრისტეს საფლავის მცველებისთვის ჩაძინების აღიარება სიკვდილით დასჯის ტოლფასი იყო (თანაც უნდა ეღიარებინათ, რომ ყველა მათგანს ჩაეძინა!). ამდენად, მათ თავდაპირველად უარი განუცხადეს მღვდელმთავრებს; რა საჭიროა ფული, თუ სიკვდილით დაისჯებოდნენ?! მღვდელმთავრები ჯარისკაცებს პირდებიან ამ პრობლემის მოგვარებას და საბოლოოდ თანხმდებიან კიდეც.
        თუ იესოს ცხედარი მოიპარეს და სადმე იყო დამალული, ქრისტეს მტრებს - არც რომაელებს და არც ებრაელებს მისი პოვნა არ გაუჭირდებოდათ (თუ მხედველობაში მივიღებთ მათ ძალაუფლებას და გაბატონებულ მდგომარეობას მთელ ქვეყანაში) და აღდგომა უდაოდ სიცრუედ გამოცხადდებოდა. ტომ ანდერსონი, კალიფორნიის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ამ არგუმენტზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: ”ეს მოვლენა, საზოგადეობაში უაღრესად ცნობილი იყო. როგორ ფიქრობთ, რომელიმე პიროვნებას, თუნდაც ერთ ისტორიკოსს, ქრისტეს მოწინააღმდეგეს, ან ნებისმიერ მოწმეს რომ ენახა ცხედარი, შემორჩებოდა თუ არა ისტორიაში მინიმუმ ერთი წყარო, სადაც დადასტურებული იქნებოდა იესოს ცხედრის პოვნა? ისტორია დუმს, როდესაც აღდგომის ჭეშმარიტების წინააღმდეგ ეძებენ არგუმენტებს” [21] ამდენად, გამომდირანე იმ მტკიცებულებებიდან, რომ სამარხი ცარიელი იყო და ცხედარი ვერ იქნა ნაპოვნი, მორისონი ლოგიკურად აღიარებს ფაქტს, რომ ქრისტეს ცხედარი როგორღაც გაქრა სამარხიდან.


სამარხის გაქურდვა?

        მორისონი გამოძიებას აგრძელებს და იკვლევს იესოს მოწაფეთა მოტივებს. შესაძლოა, რომ აღდგომის აღიარება მოპარული ცხედრით ყოფილიყო განპირობებული? თუ ასეა, მაშინ როგორ აღიარეს და დაამოწმეს სხვადასხვა ადამიანებმა ქრისტეს რამოდენიმეჯერ გამოცხადება? ისტორიკოსი პოლ ჯონსონი წიგნში ”ებრაელთა ისტორია” აღნიშნავს: ”ყველაზე მნიშვნელოვანია არა სიკვდილის გარემოებები, არამედ ის ფაქტი, რომ ქრისტეს აღდგომას აღიარებდნენ და თავგამოდებით ამტკიცებდნენ სულ უფრო და უფრო ფართე წრეები” [22]. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამარხი მართლაც ცარიელი დახვდათ და სხეული ვერ იპოვნეს, არ შეიძლება ყოფილიყო განმაპირობებელი გარემოება მოციქულთა უეცარი აღზევებისა (განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ცხედარი მართლაც მათ მოიპარეს სამარხიდან). მოხდა რაღაც ექსტრაორდინალური მოვლენა, რამაც განაპირობა საკვირველი ფაქტების მთელი სერია: მოციქულებმა შეწყვიტეს გლოვა, მიმოფანტულები კვლავ შეიკრიბნენ, აღარ იმალებოდნენ და სრულიად უშიშრად ქადაგებდნენ მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს ხილვას.
        მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ უცაბედად იხილეს ცოცხალი ქრისტე; პირველი, ვინც აღმდგარი იესო იხილა იყო ქალი - მარიამ მაგდალინელი. მორისონი ძლიერ დააფიქრა იმ გარემოებამ, რომ თუ აღდგომა მოგონილი სიცრუე იყო, მაშინ კონსპირატორებმა რატომ აირჩიეს ქალი ცენტრალურ ფიგურად აღდგომის დამოწმებაში? ისრაელში, პირველ საუკუნეში ქალს ფაქტიურად არანაირი უფლება და არც რაიმე სტატუსი ჰქონდა. მორისონი ასკვნის, რომ თუ შეთქმულები წარმატებისკენ ისწრაფვოდნენ, მაშინ ქალის მაგივრად უსათუოდ მამაკაცს აირჩევდნენ. მოგვიანებით მოციქულები ამოწმებენ, რომ მათ ქრისტე მინიმუმ 10-ჯერ ნახეს. შეეხნენ მის ჭრილობებს და მასთან ერთად ჭამეს. ერთხელ, ქრისტე 500-მდე ადამიანს გამოეცხადა. მკვლევარი, იურისტი ჯონ ვარვიკ მონტგომერი აღნიშნავს: ”ახ.წ. 56 პავლე მოციქული წერს, რომ 500-მდე ადამიანმა ნახა აღმდგარი ქრისტე, რომელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მის მიერ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს დააწერის პერიოდში (1 კორ. 15:6). ეს გარემოება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ შეუძლებელი იყო ისეთი სიცრუის გავრცელება, რაც შემდგომ ნაქადაგები იქნებოდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან ადვილად შეეძლოთ ამ სიყალბის მხილება და იესოს ცხედარზე მითითება”[23]
        ბიბლიის მკვლევრები გეისლერი და ტურეკი აცხადებენ: ”თუ აღდგომა არ მომხდარა, მაშინ მოციქული პავლე რატომ მიუთითებდა მოწმეთა ესოდენ გრძელ სიაზე? ასეთი უხამსი სიცრუე ხომ ავტორიტეტს დაუკარგავდა კორინთელ მკითხველებში?” [24] მოციქული პეტრე კესარიაში დაბეჯითებით აცხადებს: ”და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალიმს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა.. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ,. არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა.. და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ” (საქმ. 10:39-42).
        ბიბლიის ბრიტანელი მკვლევარი მაიკლ გრინი აღნიშნავს: ”ცოცხალი ქრისტეს გამოცხადებები აუტენტიფიცირებულია ისე, როგორც არცერთი სხვა მოვლენა წარსულში. შეუძლებელია არსებობდეს რაიმე რაციონალური ეჭვი ამის თაობაზე”. [25]


ბოლომდე თანმიმდევრულნი

        ზემოთაღნიშნული მტკიცებულებები საკმარისი რომ არ ყოფილიყო, მორისონის სკეპტიციზმი გაქარწყლდებოდა თავად მოციქულთა ქცევით. ისტორიული ფაქტი, რამაც გააოგნა სხვადასხვა მკვლევარი - ისტორიკოსები, ფსიქოლოგები, ისევე როგორც სკეპტიკოსები განპირობებული იყო მოციქულთა ქცევით; თავდაპირველად მშიშარა ხალხი უეცრად უშიშარ და გაბედულ მქადაგებლებად გადაიქცნენ და ითმენდნენ საშინელ და ხანგრძლივ დევნას, ტანჯვა-წამებას და სიკვდილსაც ხალისით ეგებებოდნენ. ერთის გარდა, ყველა მოციქული სიკვდილით დასაჯეს. შესაძლებელია, რომ მათ თავიანთი მოგონილი სიცრუის გამო გაეწირათ თავი? ისლამისტმა მოწამეებმა 2001 წ. 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული აქტით დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია ადამიანებმა თავი გაწირონ იმ მიზნისთვის, რაც სწამთ, სინამდვილეში ეს სიცრუეც რომ იყოს. მაგრამ იყო შეგნებული მოწამე გამოგონილი სიცრუისა - სრული სიგიჟეა. პოლ ლითთლი აღნიშნავს: ”ადამიანი თავს შესწირავს მიზანს, თუ მას ჭეშმარიტებად თვლის. თუმცა, ადამიანი არ შესწირავს თავს მიზანს, თუ იცის, რომ ეს მოგონილი სიცრუეა”. [26] იესოს მოწაფეები სრულიად თანმიმდევრულები იყვნენ იმ რწმენისა, რომ მათი მოძღვარი ცოცხალი იყო. შეუძლებელია ადეკვატური ახსნა მოიძებნოს, თუ რატომ შესწირეს მოციქულებმა თავი სიცრუეს. მიუხედავად ამისა, რომ დავუშვათ მოსაზრება, თითქოს იესოს აღდგომა მოციქულთა კონსპირაციის შედეგია, საკვირველია, თუ როგორ შეძლეს მათ ათწლეულების განმავლობაში გაეგრძელებინათ მოღვაწეობა? ნუთუ ერთი მათგანიც ვერ მოისყიდეს ფულით ან თანამდებობით? დოქტორი მორლანდი ამტკიცებს: ”ისინი, ვინც შეგნებულად ცრუობენ პირადი სარგებლისთვის, ვერ ძლებენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაჭირვება ამცირებს სარგებელს”. [27]
        ჩაკ კოლსონის აზრით, პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციის პერიოდში მომხდარი უოტერგეიტის სკანდალი ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ რამოდენიმე ადამიანს არ შეუძლია ხანგრძლივი დროით დაფაროს სიმართლე. ”მე ვიცი, რომ აღდგომა ჭეშმარიტი ფაქტია, და ამაში უოტერგეიტმა დამარწმუნა. როგორ? 12 ადამიანი ამოწმებდა, რომ ნახეს აღმდგარი ქრისტე და ამას 40 წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ყველა მათგანი სცემეს, აწამეს და დააპატიმრეს. ისინი ნამდვილად ვერ გაძლებდნენ, მართლები რომ არ ყოფილიყვნენ. უოტერგეიტის სკანდალში მსოფლიოში 12 უდიდესი ძალაუფლების მქონე ადამიანი მონაწილეობდა და მათ 3 კვირაც კი ვერ შეძლეს დაეფარათ სიცრუე. ნუთუ 12 მოციქული შეძლებდა 40 წლის განმავლობაში სიცრუის დაფარვას? ეს აბსოლუტურად შეუძლებელია”. [28]
        რაღაც უდაოდ მოხდა, რამაც სრულიად ყველაფერი შეცვალა მოციქულთათვის. მორისონი აღიარებს: ”ვინც ამ პრობლემას იკვლევს, ადრე თუ გვიან მივა იმ დასკვნამდე, რასაც სხვაგვარად ვერ ახსნი: ადამიანთა მცირე ჯგუფს გაუჩნდა ღრმა რწმენა, რაც განპირობებული იყო ფაქტით, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა”. [29]


ქონდათ თუ არა მოციქულებს ჰალუცინაციები

        ხანდახან, ადამიანებს შეუძლიათ ”დაინახონ” ის, რაც სურთ. ამდენად, ზოგიერთი სკეპტიკოსი ვარაუდობდა, რომ მოციქულები იმდენად იყვნენ გაოგნებულნი ჯვარცმით, რომ შესაძლოა, ცოცხალი ქრისტეს ნახვის სურვილმა გამოიწვია შესაბამისი ჰალუცინაციები. შესაძლებელია თუ არა ეს? ფსიქოლოგი გარი კოლინსი, ამერიკის ქრისტიან კონსულტანტთა ასოციაციის ექს-პრეზიდენტი მოციქულთა შესაძლო ჰალუცინაციებით გამოწვეულ ყოფაქცევის რადიკალურ ცვლილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: ”ჰალუცინაცია ინდივიდუალური შემთხვევაა. მისი ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ქონდეს კონკრეტული ჰალუცინაცია კონკრეტული დროის პერიოდში. ნამდვილად შეუძლებელია, რომ ადამიანთა ჯგუფს ქონდეს ერთი ჰალუცინაცია” [30]
        ფსიქოლოგ ტომას ჯ. ტორბურნის თანახმად ”მსგავსი ჰალუცინაცია არარეალურია. აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ 500-მდე საშუალო ფსიქიკური მდგომარეობის ადამიანმა ერთდროულად განიცადოს გრძნობითი შთაბეჭდილებები - ვიზუალური, ხმოვანი, ტაქტილური და ეს ჰალუცინაციებით იყოს გამოწვეული”. [31] ამას გარდა, ჰალუცინაციათა ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ადამიანი უნდა იმყოფებოდეს იმგვარ მდგომარეობაში, რომ მას ძლიერ უნდოდეს დაინახოს ის, რასაც მისი გონება წარმოისახავს. ადრეული ეკლესიის ორი უმნიშვნელოვანესი წინამძღვარი - მოციქულები პეტრე და პავლე დაბეჯითებით აცხადებენ, რომ მათ იხილეს აღმდგარი იესო იმ მომენტში, როდესაც სრულიად არ ელოდებოდნენ და არც არანაირი იმედი არ გააჩნდათ. უფრო მეტიც, მოციქული პავლე პირადად ხელმძღვანელობდა ქრისტიანთა დასჯას; მისი ქრისტიანად მოქცევა აუხსნელად რჩება ისტორიის განმავლობაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მოციქული პირადად დაბეჯითებით აღიარებს აღმდგარი იესოს ხილვას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჰალუცინაციის თეორია სრულიად მიუღებელია. კიდევ რა არგუმენტი შეიძლება განვიხილოთ აღდგომის საწინააღმდეგოდ?


სიცრუიდან ლეგენდამდე

        ზოგიერთი სკეპტიკოსი, რომელიც ზემოთაღნიშნული დასაბუთებებით ვერ დაკმაყოფილდა, ვარაუდობს, რომ აღდგომა - ლეგენდაა, რაც გამოიწვია ორიოდე ადამიანის ტყუილმა ან შეცდომითმა წარმოსახვამ, რომ თითქოს იხილეს აღმდგარი იესო. დროთა განმავლობაში ყოველივე ეს შელამაზდა და მიიღო ლეგენდის სახე. ერთი შეხედვით, ეს ვერსია დამაჯერებლად სჩანს, თუმც მას 3 დიდი პრობლემა გააჩნია. 1) ლეგენდა არ წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მრავალი თვითმხილველი, რომელთაც შეუძლიათ ყოველივეს მხილება და უარყოფა. ანტიკური რომის და საბერძნეთის მკვლევარი ისტორიკოსი ა.ნ. შერვინ-ვაიტი ასკვნის, რომ აღდგომის ინფორმაცია გავრცელდა ძალიან სწრაფად და დროის მოკლე მონაკვეთში; ამდენად, სრულიად მიუღებელია ლეგენდის წარმოშობის ვერსიისთვის. [32] 2) ლეგენდა წარმოიშვება სიტყვიერი ტრადიციიდან და არ შეიძლება მომდინარეობდეს თანამედროვე ისტორიული დოკუმენტებიდან, რომელთა გადამოწმებაც შესაძლებელია. წინააღმდეგ ამისა, სახარება დაიწერა აღდგომიდან დაახ. 3 ათეული წლის განმავლობაში. [33] 3) ლეგენდის თეორია ადეკვატურად ვერ ხსნის ცარიელი საფლავის ფაქტს; აგრეთვე, ისტორიულიად დამოწმებულ მოციქულთა რწმენის ფაქტს, რომ იესო აღდგა. [34]
        ყოველივე აქედან გამომდინარე, ლეგენდის ვერსია ისევე არადამაჯერებლად გამოიყურება, როგორც სხვა ვერსიები. ამას გარდა, ქრისტეს აღდგომის ცნობამ შეცვალა ისტორიის მიმართულება, რაც რომის იმპერიაში მომხდარი გრანდიოზული ცვლილებებით დაიწყო. როგორ შეიძლება ლეგენდამ ესოდენ უზარმაზარი გავლენა მოახდინოს ასე მცირე დროის მონაკვეთში?


რატომ გაიმარჯვა ქრისტიანობამ?

        დოქტორი ფ. მორისონი გააოგნა იმ ფაქტმა, რომ ესოდენ მცირე მოძრაობა, როგორიც ქრისტიანობა იყო თავდაპირველად, დამკვიდრდა ისეთ მტრულ გარემოცვაში, როგორიც იყო მრავლისშემძლე ებრაული ესტაბლიშმენტი და ძალუმი რომის იმპერია. მაშ, როგორ გაიმარჯვა ქრისტიანობამ ამგვარ არახელსაყრელ პირობებში? მორისონი განაგრძობს: ”ოციოდე წლის განმავლობაში გალილეველ მეთევზეთა ქადაგებამ განხეთქილება ჩამოაგდო ებრაულ ეკლესიაში. 50 წელიწადში კი საშიშროება შეუქმნა მშვიდობას მთელს რომის იმპერიაში. ყოველი ამ ფაქტორის ჩამოთვლის შემდეგ ჩვენ ვაწყდებით ყველაზე უდიდეს საიდუმლოებას ისტორიაში; რატომ გაიმარჯვა ქრისტიანობამ?” [35]
        რომ არ მომხდარიყო აღდგომა, ქრისტიანობა, ყოველ მიზეზ გარეშე, უსათუოდ გაქრებოდა, როდესაც დაშინებული მოციქულები თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად გაიქცნენ და მიმოიფანტნენ. წინააღმდეგ ამის, მოციქულები შემდგომ შეიკრიბნენ და დააფუძნეს მზარდი ქრისტიანული მოძრაობა. ჯ.ნ. ანდერსონი წერს: ”წარმოიდგინეთ, თუ რაოდენ აბსურდულია ის მოსაზრება, რომ თითქოს, ერთ ოთახში შეფარული მშიშარა ადამიანთა მცირე ჯგუფის გარდასახვა იმ ძლიერ თანამეგობრობად, რომელიც, ვერც დევნის და მუქარის, და ვერც სიკვდილის საფრთხის გარემოებებმა ვერ შეადრკეს - მოგონილი ფაბრიკაცია იყოს. ეს სრული უაზრობაა” [36]
        იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ელვისებური სისწრაფით გავრცელდა მთელ იმპერიაში; მოციქულებიდან შემდეგი თაობის ქრისტიანებში. კეისრები, ერთიმეორის მიყოლებით ცდილობდნენ გაენადგურებინათ მათი ურყევი რწმენა მრავალგვარი წამებით და სასიკვდილო სასჯელით, მაგრამ უშედეგოდ. მამაკაცები და ქალები, მოხუცები და ბავშვები ამჯობინებდნენ სიკვდილს, ვიდრე მათთვის აღმდგარი უფლის უარყოფას. დღეს, მრავალ მკვლევარს, სწამს, რომ წამებულ ქრისტიანთა სისხლი - ეკლესიის ფესვია. ისტორიკოსი ვილ დურანტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ”კეისარი და ქრისტე არენაზე შეხვდნენ ერთმანეთს და ამ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა ქრისტემ”. [37]


გასაოცარი დასკვნა

        მითის და ჰალუცინაციის ვერსიის გაბათილებამ; ცარიელის საფლავის უდაო ფაქტმა; მორწმუნეთა მზარდმა რაოდენობამ და მთელს მსოფლიოზე მომხდარმა უზარმაზარმა ზეგავლენამ მორისონი დაარწმუნა, რომ მისი თავდაპირველი უარყოფითი შეხედულება ქრისტეს აღდგომაზე მცდარი იყო და უსაფუძვლო. მან გადაწყვიდა დაეწერა სრულიად განსხვავებული წიგნი, სათაურით ”ვინ გადააგორა ლოდი?” სადაც წარმოადგენდა ახლებურ დასკვნას. მორისონი, თავის კვლევაში უბრალოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა მტკიცებულებათა კვალს, სანამ ჭეშმარიტება თვალნათლივ არ დაინახა. მისი განცვიფრება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან ირწმუნა ქრისტეს აღდგომა. თავისი ახალი წიგნის პირველ თავს ავტორმა უწოდა შემდეგი სათაური ”წიგნი, რომელმაც უარი თქვა დაბეჭდილიყო”. წიგნში ყოფილმა სკეპტიკოსმა განმარტა, თუ როგორ ირწმუნა მან ისოტრიული მოვლენა მტკიცებულებათა კვლევის საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით, მორისონი შემდეგ კომენტარს აკეთებს - ”თითქოს, ადამიანი, რომელიც ტყის გადალახვას აპირებს კარგად ნაცნობი და გაკვალული გზით - უცაბედად აღმოჩნდეს სრულიად სხვა ადგილზე” [38] მორისონი არაა ერთადერთი. უამრავი სკეპტიკოსი კვლევათა შედეგად მივიდა ქრისტეს აღდგომის რწმენამდე და აღიარა, რომ ეს არის ყველაზე საოცარი და გრანდიოზული მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. განვიხილოთ მსგავსი შემთხვევა.


გაკვირვებული პროფესორი

        ერთ-ერთი სკეპტიკოსი, რომელიც მორისონის მსგავსად, აღდგომას, თავდაპირველად მითად მიიჩნევდა, გახლდათ წამყვანი სამართალმცოდნე და მკვლევარი დოქტორ საიმონ გრინლიფი (1783 –1853) - ჰარვარდის სამართლის სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. გრინლიფის ნაშრომები აღიარებულია ამერიკის იურისპოდენციის კლასიკად. ა.შ.შ -ს იურიდიული სისტემა დღემდე ეყრდნობა გრინლიფის მიერ შემუშავებულ მტკიცებულებათა წესებს. პროფესორმა გრინლიფმა ერთ-ერთ ლექციაზე თავის აუდიტორიას განუცხადა, რომ ქრისტეს აღდგომა მხოლოდ ლეგენდა იყო. როგორც ათეისტი, ის მიუღებლად და შეუძლებლად თვლიდა სასწაულს. პროფესორი გრინლიფი გამოიწვია მისმა სამმა სტუდენტმა, რომლებმაც მოსთხოვეს გამოეყენებინა მისი ცნობილი მტკიცებულებათა წესები ქრისტეს აღდგომასთან მიმართებით. გრინლიფმა მიიღო სტუდენტთა გამოწვევა და დაიწყო გამოძიება. თავდაპირველად, ის გეგმავდა ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით დაემტკიცებინა აღდგომის სიყალბე.
        გრინლიფის სკეპტიციზმი დაუპირისპირდა იმ მოვლენას, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ისტორიის მიმართულება. ფაქტების გამოძიებასთან ერთად, იზრდებოდა გრინლიფის გაკვირვებაც; პროფესორი თანდათან რწმუნდებოდა ქრისტეს აღდგომის მტკიცებულებათა სინამდვილეში.
        გრინლიფი უძლური იყო აეხსნა რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც მოხდა იესოს სიკვდილიდან ძალიან მოკლე პერიოდში. მათ შორის ყველაზე გაურკვეველი იყო მოციქულთა ქმედებები. ეს იყო არა ერთი ან ორი მოციქულის, არამედ ყველა მათგანის მტკიცება, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა. გრილიფმა თავისი ცნობილი მტკიცებულებათა წესები მიუსადაგა ბიბლიურ ფაქტებს და მივიდა საოცარ ვერდიქტამდე.
        თავისი თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ, გრინლიფმა აღიარა იესოს აღდგომა, როგორც ყველაზე საუკეთესო ახსნა ჯვარცმის შემგდგომ განვითარებული მოვლენებისა. ბრწყინვალე მკვლევარი და აწ უკვე ყოფილი ათეისტი შეუძლებლად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ მოციქულებს სრული და მტკიცე რწმენით ეღიარებინათ აღდგომა, თუ ისინი რეალურად არ იხილავდნენ აღმდგარ ქრისტეს. [40] თავის ცნობილ წიგნში ”მახარობელთა ჩვენება” გრინლიფი წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, რამაც ის აიძულა შეეცვალა თავისი აზრი. დასკვნით ნაწილში ის მოუწოდებს სკეპტიკოსებს პირნათლად გამოიკვლიონ ბიბლიური ფაქტები. საბოლოოდ, გრინლიფი იმდენად დაარწმუნა სახარებისეულმა მტკიცებულებებმა, რომ ღრმად მორწმუნე ქრისტიანი გახდა. მისი აზრით, ყველა ადამიანი, თუ პირნათლად გამოიკვლევს მტკიცებულებებს და ფაქტებს სასამართლო პროცესის მსგავსად, აუცილებლად აღიარებს ქრისტეს ჭეშმარიტ აღდგომას. [41]

        ქრისტეს აღდგომა წარმოშობს შემდგომ კითხვას: რა კავშირი აქვს ქრისტეს აღდგომის და სიკვდილის დამარცხების ფაქტს პირადად ჩვენ ცხოვრებასთან? ამ კითხვაზე პასუხს წარმოადგენს თვით ახალი აღთქმა.






გამოყენებული ლიტერატურა

1. Paul Edwards, “Great Minds: Bertrand Russell,” Free Inquiry, December 2004/January 2005, 46.
2. R. C. Sproul, Reason to Believe (Grand Rapids, MI: Lamplighter, 1982), 44.
3. Josh McDowell, The New Evidence That Demands a Verdict (San Bernardino, CA: Here’s Life, 1999), 203.
4. Bertrand Russell, Why I Am Not a Christian (New York: Simon & Schuster, 1957), 16.
5. Joseph Campbell, an interview with Bill Moyers, Joseph Campbell and the Power of Myth, PBS TV special, 1988.
6. Michael J. Wilkins and J. P. Moreland, eds, Jesus Under Fire (Grand Rapids, MI: Zondervan, 1995), 2.
7. “What Is a Skeptic?” editorial in Skeptic, vol 11, no. 2), 5.
8. Wilbur M. Smith, A Great Certainty in This Hour of World Crises (Wheaton, ILL: Van Kampen Press, 1951), 10, 11
9. The Aramaic word Jesus uttered, tetelestai, is an accounting term meaning “debt paid in full,” referring to the debt of our sins.
10. Historian Will Durant reported, “About the middle of this first century a pagan named Thallus argued that the abnormal darkness alleged to have accompanied the death of Christ was a purely natural phenomenon and coincidence; the argument took the existence of Christ for granted. The denial of that existence never seems to have occurred even to the bitterest gentile or Jewish opponents of nascent Christianity.” Will Durant, Caesar and Christ, vol. 3 of The Story of Civilization (New York: Simon & Schuster, 1972), 555.
11. Quoted in J. P. Moreland interview, Lee Strobel, The Case for Christ (Grand Rapids, MI: Zondervan, 1998), 246.
12. Peter Steinfels, “Jesus Died And Then What Happened?” New York Times, April 3, 1988, E9.
13. William D. Edwards, M.D., et al., “On the Physical Death of Jesus Christ,” Journal of the American Medical Association 255:11, March 21, 1986.
14. Lucian, Peregrinus Proteus.
15. Josephus, Flavius, Antiquities of the Jews, 18. 63, 64. [Although portions of Josephus’ comments about Jesus have been disputed, this reference to Pilate condemning him to the cross is deemed authentic by most scholars.]
16. Tacitus, Annals, 15, 44. In Great Books of the Western World, ed. By Robert Maynard Hutchins, Vol. 15, The Annals and The Histories by Cornelius Tacitus (Chicago: William Benton, 1952).
17. James D. Tabor, The Jesus Dynasty (New York: Simon & Schuster, 2006), 230.
18. Gary R. Habermas and Michael R. Licona, The Case for the Resurrection of Jesus (Grand Rapids, MI: Kregel, 2004), 49.
19. Frank Morison, Who Moved the Stone? (Grand Rapids, MI: Lamplighter, 1958), 9.
20. Paul L. Maier, Independent Press Telegram, Long Beach, CA: April 21, 1973.
21. Quoted in Josh McDowell, The Resurrection Factor (San Bernardino, CA: Here’s Life, 1981), 66.
22. Paul Johnson, A History of the Jews (New York: Harper & Row, 1988), 130.
23. John W. Montgomery, History and Christianity (Downers Grove, ILL: InterVarsity Press, 1971), 78.
24. Norman L. Geisler and Frank Turek, I Don’t Have Enough Faith to Be an Atheist (Wheaton, IL: Crossway, 2004), 243.
25. Michael Green, The Empty Cross of Jesus (Downers Grove, IL: InterVarsity, 1984), 97, quoted in John Ankerberg and John Weldon, Knowing the Truth about the Resurrection (Eugene, OR: Harvest House), 22.
26. Paul Little, Know Why You Believe (Wheaton, IL: Victor, 1967), 44.
27. J. P. Moreland, Scaling the Secular City, (Grand Rapids, MI: Baker Book House, 2000), 172.
28. Charles Colson, “The Paradox of Power,” Power to Change, www.powertochange.ie/changed/index_Leaders.
29. Morison, 104.
30. Gary Collins quoted in Strobel, 238.
31. Thomas James Thorburn, The Resurrection Narratives and Modern Criticism (London: Kegan Paul, Trench, Trubner & Co., Ltd., 1910.), 158, 159.
32. Sherwin-White, Roman Society, 190.
33. Habermas and Licona, 85.
34. Habermas and Licona, 87.
35. Morison, 115.
36. J. N. D. Anderson, “The Resurrection of Jesus Christ,” Christianity Today, 12. April, 1968.
37. Durant, Caesar and Christ, 652.
38. Morison, 9.
39. Simon Greenleaf, The Testimony of the Evangelists Examined by the Rules of Evidence Administered in Courts of Justice (1874; reprint, Grand Rapids, MI: Kregel, 1995), back cover.
40. Ibid., 32.
41. Ibid., back cover.