ვიზეიმოთ თუ არა ახალი წელი?


         ახალი წლის ზარ-ზეიმით აღნიშვნა, ისე, როგორც ეს მიღებულია დღეს მთელს მსოფლიოში დიდად ეწინააღმდეგება ქრისტიანული ცხოვრების არსს. ქვემოთ შევეცდებით დავამტკიცოთ ეს შეხედულება ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითებით.
         ახალი წლის აღნიშვნა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უფლისადმი ჩვენი მადლიერების გამოხატვის კონტექსტში, და არა რაიმე ასტრონომიული მოვლენის მოტივით, რაც აშკარად უგუნურებაა. ნებისმიერი დროითი ინტერვალის ზეიმით აღნიშვნა უფლისგან განცალკავებით და მისდამი ჩვენი მადლიერების გამოხატვის გარეშე პირწმინდათ წარმართულია ღონისძიებაა, რომელიც მომდინარეობს ასტროლოგიიდან, კაბბალადან თუ სხვა უწმინდური მისტიკიდან. ეს ასევე ეხება დაბადების დღეების, იუბილეების და სხვა თარიღების საზეიმო აღნიშვნასაც. დაბადების დღის აღნიშვნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უფალისადმი აღვავლენთ სამადლობელს სიცოცხლის მონიჭებისთვის (ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტე თითოეული ჩვენთაგანის ცოდვების გამოსასყიდად ეცვა ჯვარს! ამ მოვლენას ყოველი ჭეშმარიტი ქრისტინი უნდა აცნობიერებდეს, როგორც კონკრეტულად პირადად მისთვის გაღებულ მსხვერპლს!). ჩვენ, როგორც ქმნილებამ შემოქმედების აქტისთვის სამადლობელი უნდა აღვავლინოთ შემოქმედისადმი. ამდენად, დაბადების დღე ღრმად ინტიმური მოვლენაა და არანაირად არ გულისხმობს ამხანაგებთან ერთად ღრეობას და თრობას. ყველა სხვა შემთხვევაში დაბადების დღის ზეიმით აღნიშვნა აშკარად სატანური წამოწყებაა, რადგან ჩვენ ვზეიმობთ სხეულებრივ (და ამ შემთხვევაში აგრეთვე სულიერ) სიკვდილთან მიახლოებას. როგორც სამართლიანად აღნიშნავენ წმ. მამები - დაბადების დღე სატანას ყველაზე საყვარელი დღესასწაულია! უფრო ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, ნებისმიერი დროითი ინტერვალის ზეიმით აღნიშვნა ანტიღვთაებრივი ფაქტია, რადგან ღმერთი მარადიულია. ჩვენ, მართლმადიდებლები ყოველ წელს ავღნიშნავთ აღდგომას, შობას თუ სხვა ქრისტიანულ დღესასწაულებს, რომლებიც ახლა, ამ წუთს აღსრულდება ლიტურგიისას (და არა როგორც კათოლიკები და პროტესტანტები, რომლებიც მხოლოდ მოიგონებენ მოვლენებს, როგორც ორიათასი წლის წინ მომხდარ ფაქტებს!). ყოველ დღე, ყოველ წირვას ქრისტეს სისხლი იღვრება და მსხვერპლად ეწირება ჩვენთვის! და ეს ხდება ახლა, წირვისას, და არა ოდესღაც წარსულში! ჩვენ, მართლმადიდებლებს მტკიცედ გვწამს, რომ ყოველივე ეს ჭეშმარიტად ასეა. სულიერი სამყაროს ყოველი მოვლენა არაჟამიერია. შემდგომში შევეცდებით დავასაბუთოთ, რომ ახალი წლის მსოფლიოში მიღებული “ტრადიციული” საზეიმო აღნიშვნა ბოროტის მიერ ჩვენს დასაღუპად დაგებულ სხვა უამრავ მახეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა.
         როგორც ვიცით, ახალი წლის ზეიმი ემთხვევა საშობაო მარხვას. უფრო მეტიც, ბოლო შვიდეული ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია მარხვაში. მარხვის მთელი პერიოდი როგორღაც ვიკრებთ ძალას, ვნებებს ვაცხრობთ, სულიერად ვძლიერდებით; ბოლოს კი ყველაფერს საკუთარი უნებისყოფობით ვანადგურებთ! მაშ რისთვის ვემზადებოდით? რისთვის გვჭირდებოდა ამდენ სიძნელეთა გადალახვა? რომ რაც შეიძლება ღირსეულად დავხვედროდით უფლის წუთისოფელში შემოსვლას და შობას! და ამის მაგივრად ჩვენ ღიად ვგმობთ ღმერთს და შევურაცხყოფთ მარხვას! ამგვარად, ჩვენ უფრო უზნეოდ ვიქცევით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ არ შესწევთ ძალები და ვერ შეძლებენ მარხვის შენახვას, და ამდენად არც მარხულობენ. ჩვენ კი მოვიწადინეთ, დავიწყეთ, შემდეგ კი ვერ შევინახეთ... ვუღალატეთ!
         საახალწლო სუფრაზე ბევრი ჩვენთაგანი მორცხვად უბოდიშებს მეგობრებს თუ ნათესავებს; “იცით, მარხვაა და ხორცს არ გადავიღებ”, “კარგით, ცოტა ხნით კამპანიას გაგიწევთ...”, “მხოლოდ ერთი ჭიქა შამპანჲური, თუ შეიძლება...” და ა.შ. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მტკიცედ განვაცხადოთ უარი მარხვის დარღვევაზე და მოვუწოდოთ მათ ღრეობის ნაცვლად იმარხულონ, ჩვენ მორცხვად ვიმართლებთ თავს და ვცდილობდ დელიკატურად ვთქვათ უარი შემოთავაზებაზე. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ კაცობრიობა ორადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი უკვე განწირულია დასაღუპად, მეორე კი ჯერ კიდევ არა; ამდენად, ყველა მართლმადიდებელს უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: “კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან”, (მათ. 10:36). “...ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებით”, (მარკ. 8:38).
         ახალი წლის ღამეს ხორციელდება მართლმადიდებლური რწმენის მრავალნაირი რიტუალური შეურაცყოფა. და ამას ვაკეთებთ თავათ ჩვენ, მართლმადიდებელი ერის შვილები. დავიწყოთ ასტროლოგიური პროგნოზებით, რომელსაც, ზოგიერთი ჩვენგანი თუმც ხუმრობით, მაგრამ მაინც უსმენს. შემდეგ, ყოველი წელი, როგორც ვიცით მიეკუთვნება გარკვეულ ცხოველს, მაგ. ვირთხას, დრაკონს (!!!) და სხვ. ამ კერპთა პატივსაცემად მათი გამოსახულებები უნდა გამოვაკრათ ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზე; ჩვეულების თანახმად შესაბამის ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი, ჩავიცვათ ტანისამოსი; განსაკუთრებულად გავაწყოთ სუფრა (შემთხვევით რომელიმე პერსონაჟი რომ არ გავანაწყენოთ!) და შევასრულოთ კიდევ მრავალი სხვა პირობითობა. ხოლო ამ რიტუალის კულმინაციურ მომენტში შესაძლებელია კნავილი და ყივილიც კი დავიწყოთ. თითქოს ყოველივე ეს უწყინარი ჩვეულებაა, ან უბრალოდ ხუმრობა (საკითხავია, როგორი იქნება გართობა ჯოჯოხეთში?). როდესაც 12 საათი შესრულდება, მთელი ქვეყანა ჯადოქრობას იწყებს. სხვაგვარად რა შეიძლება ვუწოდოთ იმ კოლექტიურ ლოცვას, რომლითაც მივმართავთ სხვადასხვა “ძალებს” მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, თუ სხვა საჭიროებათა გამო? ხშირად ამგვარ სურვილებს უმისამართოდ, უბრალოდ სივრცეში გამოვთქვამთ. სამაგიეროდ ძალზედ იშვიათად თუ მივმართავთ უფალს და მის წმინდანებს (როგორც სჩანს, ყოველი ჩვენთაგანი სულის სიღრმეში აცნობიერებს თუ ვის და რა სურვილებით მიმართოს!).
         ახალი წლის ზეიმთანაა დაკავშირებული ასევე, ის შეურაცმყოფელი და გამამასხარავებელი კამპანია, რომელიც მიმართულია მირონ-ლიკიის ეპისკოპოსის წმ. ნიკოლოზის წინააღმდეგ. სწორედ მისი პაროდიაა სანტა-კლაუსი (Saint Nicolas), რომელიც საახალწლო ვაჭრობითა და სხვადასხვა რეკლამითაა დაკავებული. მის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი ლეგენდა და ცრურწმენა. მასათა ცნობიერებაში სანტა კლაუსს აშკარად გამოხატული ეშმაკეულის თვისებები და ხასიათი აქვს. გასაგებია, რომ ყოველივე ამას მართავენ ეკლესიის მტრები, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ არცერთი ჩვენგანი არ იმაღლებს ხმას წმ. ნიკოლოზის, ჩვენი ზეციური მფარველის დასაცავად! მართალია, სანტა-კლაუსის ტრადიცია ჩვენთან ნაკლებადაა გავრცელებული, თუმც, მის დასანერგად ბოლო ხანებში ძალიან აქტიური კამპანია მიმდინარეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენში გავრცელებული “თოვლის ბაბუ” ორგვარი ბუნებისაა. მიუხედავათ იმისა, რომ “თოვლის ბაბუ” ზოგიერთ შემთხვევაში კეთილია, ის მაინც აშკარად მრისხანე პერსონაჟია, რომელიც დაკავშირებულია ყინვასთან, თოვლთან, ყინულთან, არ უყვარს სითბო; ის ერთგვარი ტყის სულია. ეს კი ეშმაკეულის დამახასიათებელი თვისებებია, უდაოდ. ასე, რომ უწყინარი საბავშვო ზღაპრის მიღმა იმალება ბოროტ სულთა წარმართული თაყვანისცემა, რომლებიც ბუნების მკაცრ ძალებთან არის დაკავშირებული. ამგვარად, ან შეურაცყოფა იმ წმიდანისა, რომელსაც მერე მთელი წელიწადი ვევედრებით ილოცოს ჩვენთვის, ან წარმართული თაყვანისცემა და კერპები! არჩევანი ჩვენზეა...
         კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ბევრისთვის შეუმჩნეველია: 1 იანვარს ემთხვევა წმ. ბონიფაცის ხსენების დღე. ეს ის წმინდანია, რომელიც ადამიანებს ეხმაერბა ლოთობის სენის დაძლევაში. და სწორედ 1 იანვარს მთელი ქვეყანა უზომო ჭამა-სმით არის გართული. მთელი ქვეყნის გაბრუება და ზეციური მფარველისადმი ლოცვის საშუალების წართმევა კი აშკარად ეშმაკეული წამოწყებაა! ეს გარემოება უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა დიასახლისებმაც, რომლებსაც განსაკუთრებით ეხერხებათ უზომოდ უხვი სუფრების გაწყობა. ამგვარად, ბოროტი ჩვენივე ხელებით გვაკეთებინებს ბოროტებას! როგორ შეიძლება შევეწინააღმდეგოდ ყოველივე ამას? უბრალოდ! ეს დღესასწაული ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს, ისევე როგორც, მაგალითად, გაუქმებული საბჭოთა დღესასწაულები! იმ შემთხვევაში, თუ ეს ოჯახში შფოთს ან დაპირისპირებს იწვევს, მოკრძალებით მივუჯდეთ სუფრას, შევინახოთ მარხვა და უფალს მადლობა შევწიროთ მშვიდობიანი წლის მონიჭებისთვის. 1 იანვრას კი ვეზიაროთ ქრისტეს საიდუმლოებებს. ვილოცოთ წმ. ბონიფაცისადმი და შევევედროთ განკურნოს ჩვენი ერი ლოთობის ცოდვისგან! უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ხსნა – ეკლესიაა! თავათ ქრისტე გვაიმედებს, რომ ეკლესიას “ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი” (მათ. 16:18) ეკლესია უძლეველია, მაგრამ საკითხავია: ჩვენთან ერთად თუ ჩვენს გარეშე? ჩვენ, ჩვენი ახლობლები და მეგობრები გავიზიარებთ თუ არა ქრისტეს გამარჯვებას? თუ ვცდუნდებით ბოროტის მიერ და გავყვებით მას დასაღუპად? უკვდავება და სიცოცხლე უპყვრია მხოლოდ უფალს. ამიტომ ყველა მართლმადიდებელი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიაში და შევებრძოლოთ ჩვენს სულიერ მტრებს, რათა ვიყოთ ღირსი ღვთაებრივი წყალობისა...
         “ნეტარ არც კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოსა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთა არა დაჯდა”, (ფსალ. 1:1).