დოქსოლოგია - მართლმადიდებლობის ენა



        ერთი პერიოდი, თეოლოგიას ძალზედ დიდი ყურადღება ეთმობოდა. თეოლოგიის დანიშნულება, მისი მეთოდები და ენა გახდა შესწავლის, კვლევის თუ ახსნა-განმარტების საგანი, როგორც მართლმადიდებლურ, ისე სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობათა ძალზედ დიდი რაოდენობის მკვლევართათვის 1.

        ზემოთქმული, ერთის მხრივ შეიძლება შეფასდეს როგორც დადებითი მოვლენა, მეორე მხრივ კი, აშკარაა, რომ ჩვენს დროში თეოლოგია კრიზისულ მდგომარეობაშია. თანამედროვე თეოლოგიზაციას ახასიათებს თვითკმაყოფილების გრძნობა, ან ხელოვნური გულგახსნილობა; პირველისთვის დამახასიათებელია უბრალო გამეორება, მეორისთვის კი, თანამედროვე, აბსტრაქტული, რელიგიური სპეკულაცია. ვერც ერთი დამკვირვებელი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დღეს ე.წ. “აკადემიურ” თეოლოგიურ საზოგადოებასა და მოძღვართა (ე.ი. ვინც პასუხს აგებს ღვთის რჩეული ხალხის სულიერი კეთილდღეობისთვის) შორის ხიდი ჩატეხილია. თეოლოგიური შრომა და ეკლესიის მოძღვართა მოვალეობა ხალხის სულიერი კეთილდღეობისათვის ხშირად განიხილება როგორც ორი სხვადასხვა დანიშნულების მქონე ამოცანა!

        რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს გამოვთქვათ რაიმე სკეპტიკური ან ნეგატიური ისეთი ყრილობების შესახებ, როგორიც არის მაგალითად “მართლმადიდებლურ თეოლოგიურ სკოლათა საერთაშორისო კონფერენცია”. თუმც, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყოველივე გამომდინარეობდეს რეალობიდან, რომ არ გვიხდებოდეს ცაში კოშკების აგება. იმისათვის, რომ ჩვენი გამოკვლეევა იყოს კონსტრუქციული, სამართლიანი და ნათელი (გასაგები) უმნიშვნელოვანესია ვაცნობიერებდეთ, თუ რა პოზიციებზე ვდგავართ ჩვენ და რას წარმოვადგენთ. უპირველესი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, მდგომარეობს შემდგომში: რა მნიშვნელობა აქვს დოქსოლოგიას - მართლმადიდებლობის ენას ჩვენს (თანამდროვე) ეპოქაში? რას გულისხმობს დოქსოლოგია თანამედროვე ცხოვრებაში? ვართ კი ჩვენ საკმარისად მომზადებულნი, რომ გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს დოქსოლოგიური ღვთისმეტყველება ჩვენს ეპოქაში, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა უმეცრებითაა მოცული და საეკლესიო მოვალეობანი ძირითადად მივიწყებული? კითხვა საჭიროებს ნათელ, გულახდილ და მკაფიო პასუხს.

        წმ. მამათა თვალსაზრისით დოქსოლოგია ქრისტიანული ცხოვრების არსია. ამრიგად, ჩვენი განხილვის საგანი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მოითხოვს ღრმა შესწავლასა და დიდ ყურადღებას. ამ ნაშრომში ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ფილოსოფიური პრობლემის განხილვას, არც დიალექტიკური საკითხის გადაწყვეტას, და არც უბრალო თეოლოგიურ გამოკვლევას. ჩვენ აქ განვიხილავთ არსებულ სინამდვილეს, რომელიც პირდაპირ დაკშირებულია რწმენასთან, სიყვარულთან და ზიარებასთან უფალთან, რომლისგანაც ყოველივე ნიჭი და საუნჯე მოედინება 2. როდესაც ვსაუბრობთ დოქსოლოგიაზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ქრისტიანული ცნობიერების უძირითადესი მომენტი, და რა თქმა უნდა თვით ქრისტიანული ცხოვრების არსი; როდესაც ვსაუბრობთ დოქსოლოგიაზე, ჩვენ ჭეშმარიტად მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრში ვდგავართ.

        მანამ გავაგრძელებდეთ მსჯელობას, აუცილებელია განვმარტოთ სიტყვები “დოქსოლოგია”, “თეოლოგია” და “მართლმადიდებლობა”. წმ. მამათა შრომებში ეს ტერმინები ერთმანეთს ენაცვლება და გამოიყენება ერთიდაიგივე მნიშვნელობით. დოქსოლოგია არის “სიტყვა (ლოგოსი λόγος) დიდების შესახებ”. მაგრამ “დიდება”, თავისი უღრმესი მნიშვნელობით თვით ღმერთია: “უცვლელი, მარადიული დიდება” (η ακίνητος δόξα), წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით 3. წმ. ეპიფანეს თანახმად, ღმერთი არის: “დიდება და აბსოლიტური სრულყოფილება” ("αυτοδεδοξασμένος και αυτοτέλειος") 4. ამ მნიშვნელობით, ტერმინები “დოქსოლოგია” და “თეოლოგია” აღნიშნავენ ერთიდაიმავე სინამდვილეს. დოქსოლოგია არის λόγος (ლოგოსი) დიდების შესახებ. აქედან გამომდინარე, “დოქსოლოგია” და “თეოლოგია” იდენტური მცნებებია. ამგვარი იდენტიფიკაცია გამოხატული აქვს ორიგენესაც ლოცვის განმარტებაში. წმ. მათეს (მათ.6.7) კომენტარისას ორიგენე არწმუნებს ქრისტიანებს სიტყვების ფუჭად გამეორების მაგივრად შეძლონ თეოლოგიზაცია, ანუ განადიდონ უფალი 5. ჯერ კიდევ III ს. დასაწყისში ორიგენე იყენებს ტერმინ "თეოლოგიზაციას" უფლის განდიდების აღსანიშნავად. მის რამოდენიმე შრომაში "თეოლოგია" და "დოქსოლოგია" ურთიერშენაცვლებით და ეკვივალენტურად გამოიყენება 6. ორიგენეს შემდგომ, განსაკუთრებით კი ე.წ. ასკეტურ ტრადიციაში თეოლოგიისა და დოქსოლოგიის იდენტიფიკაცია სულ უფრო და უფრო ცხადად ხდებოდა. ევაგრიოსის ცნობილი სიტყვებია: “თუ შენ ხარ ღვთისმეტყველი - შენ იცი ჭეშმარიტი ლოცვა, თუ იცი ჭეშმარიტი ლოცვა - შენ ღვთისმეტყველი ხარ”. 7 მეორე მხრივ, ტერმინი “ორთოდოქსია” ანუ მართლმადიდებლობა ნიშნავს არა მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას, არამედ მართალ, ჭეშმარიტ განდიდებას უფლისას. უფრო ზუსტად, კი ჭეშმარიტი განდიდება, რომელიც ეფუძნება რწმენას და მის სწორ გამოხატვას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ, რომ თანახმად მართლმადიდებლური შეხედულებებისა, დოქტრინული ტრადიცია არ არის აუცილებლად ინტელექტუალური სისტემა. იგი განუყოფლად დაკავშირებულია ლიტურგიკულ ქმედებასთან, ცოცხლობს თვით ღვთისმსახურ საზოგადოებაში და ამ საზოგადოების ლიტურგიკული ცხოვრების შუქზე დოქტრინა გადაიქცევა “ხედვის ისეთ სფეროდ, სადაც ყოველივე მიწიერი დანახული იქნება ზეციურთან კავშირში”. 8 ამდენად, ზემოთქმულის გათვალისწინებით Lex orandi ხდება ფოკუსი Lex credenti, Lex cognoscendi და Lev vivendi-სა.

        მართლმადიდებლური დოგმები არ არიან აბსტრაქტული სპეკულაციები. ისევე როგორც ქრისტიანის ცხოვრება არ არის დამყარებული მხოლოდ მორალზე და ქცევის რეგულაციებსა თუ წესებზე. ორივე, მართლმადიდებლური დოქტრინაც და ქრისტიანის ცხოვრებაც შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ლიტურგიკული კონტექსტიდან გამომდინარე. მრევლში, დოქტრინა გადაიქცევა ისეთ ქმედებად, რომელიც შეიცავს ქრისტიანის ცხოვრების უმაღლეს მიზანს. ამგვარად, მართლმადიდებლური მიდგომა როგორც ქრისტიანის ცხოვრებისადმი, ისე დოქტრინისადმი მთლიანად ლიტურგიკულია.

        მართლმადიდებლური თვალსაზრისით, თეოლოგიას, როგორც ღვთის დოქსოლოგიას, არა აქვს ინდივიდუალური, მონისტიკური დიალოგის ხასიათი ღვთისმეტყველსა და ღმერთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მასში პიროვნულობა უმთავრესი მომენტია, ის ეკლესიური შეთავაზებაა. ღვთისმეტყველი, მის თეოლოგიაში სწვდება ეკლესიური სხეულის აზრს და სთავაზობს მას ღმერთს; “მის საკუთარს, მისი საკუთარისგან”; ინდივიდუალური და უნიკალური ხერხებით თუ საშუალებებით. ჩვენ გვწამს, რომ ეს არის ეკკლესიასტიკური ცნობიერება თეოლოგიისა, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ლიტურგიისას, როდესაც ვაღიარებთ რწმენას სამპიროვანი ღმერთისა და როგორც მრევლი ერთხმად ვამბობთ და ვამტკიცებთ: "გვიყვარდეს ერთმანეთი, და ერთხმად ვაღიაროთ მამა, ძე, და სული წმიდა" 9 . ერთადერთი კლდე, რომელზედაც დაფუძნებულია თეოლოგია, როგორც დოქსოლოგიური მოვლენა, არის ეკკლესიასტიკური სხეული. ეკლესიაში ხდება მუდმივი სულთმოფენობა. დაე ჩვენი გონება, რომელიც ძალზედ ხშირად მოწყვეტილია უფლის გზას, კვლავ იყოს რეორიენტირებული მასზე და ჭეშმარიტად იყოს ტრანსფორმირებული თეოლოგიურ აზროვნებაში. გარდა ამისა, მხოლოდ ეკლესიურ რეალობაშია შესაძლებელი ადამიანის პიროვნების ტრანსფიგურაცია. ეკლესია არ არის ამსოფლიური საზოგადოება; მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აქ და ამჟამად, სცდება დროის საზღვრებს და ეკუთვნის "მერმე ჟამს"; ეკლესიის მრევლი გაერთიანებულია სულიწმიდის მიერ. ეს არის პარაკლეტი, რომელიც ანხორციელებს ეკლესიურ მთლიანობას და უზრუნველჰყოფს საფუძველს ჭეშმარიტი თეოლოგიური შეთავაზებისათვის. იგი ეკლესიის შიგნით უბრალო ადამიანთ გარდაქმნის ღვთისმეტყველებად. 10 მხოლოდ მისი მეშვეობით “ვღაღადებთ: აბბა, მამაო“ (რომ. 8.15). ფაქტიურად, როდესაც ვლაპარაკობთ დოქსოლოგიაზე, ჩვენ ვგულისხმობთ სულიერ ქმედებას, “ვინაიდან, არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით" (რომ. 8.26).

        ენის საკითხი

        თეოლოგია, როგორც დოქსოლოგია და ლოცვა აუცილებლად საჭიროებენ ენის მედიუმს. ფაქტიურად, ეს არის მოქმედება, რომელსაც ანხორციელებს ენა. როდესაც ამ კონტექსტში ვსაუბრობთ ენაზე, ჩვენ სრულიადაც არ ვზღუდავთ მას შექმნილი და გამოთქმული სიტყვის (თუმც ძალზედ მცირე) ლიმიტებით. გამოთქმული სიტყვა რა თქმა უნდა წარმოადგენს თეოლოგიური ენის ნაწილს, მაგრამ არა მთლიანად თეოლოგიურ ენას, და რაღა თქმა უნდა არ არის მისი უმაღლესი გამოხატულება. გამოთქმული სიტყვა წარმოადგენს თეოლოგიური ენის მხოლოდ მინიმუმს, რომელიც აღემატება სიტყვებს, ექსპრესიებსა თუ სხვა გამოხატულებებს. ჩვენ არ ვისახავთ მიზნად წარმოვაჩინოთ გამოხატულ და "გამოუხატავ" სიტყვას შორის არსებული მკვეთრი განსხვავება, პირიქით, გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ენა, როგორც საღვთო ჭეშმარიტებათა გამოხატვის საშუალება (προφορικός λόγος), ისევე როგორც შინაგანი, იმანენტური მოვლენა (ενδιάθετος λόγος), არის უნიკალური რეალობა, და შეადგენს ღვთისმეტყველების მნიშვნელოვან ელემენტს.

        ფაქტი, რომ არსებობს გამოუხატავი თეოლოგიური ენა აღნიშნა აგრეთვე ცნობილმა მოაზროვნემ, ენის ფილოსოფოსმა ლუდვიგ ვიტგენშტეინმა. ვიტგენშტეინი საუბრობს კონკრეტულად რელიგიური ენის სპეციფიურობაზე. თავის ცნობილ ნაშრომში "Tractatus logico-philosophicus" ვიტგენშტეინი შენიშნავს, რომ არსებობენ რელიგიური ჭეშმარიტებანი, რომელთა სიტყვით გამოთქმა-გამოხატვა შეუძლებელია (Unaussprechliches). ამგვარ ჭეშმარიტებათათვის ჩვენ უნდა დავრჩეთ მდუმარე. მდუმარება აქ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რწმენასა და ეთიკაში ჩვენ ყოველთვის როდი შეგვიძლია გამოვიყენოთ წინადადებები თუ შესატყვისები ნატურალურ მეცნიერებათა ანალოგიურად. ამ პერსპექტივიდან, რელიგიური ენა ძირითადად ენის გამრუდებაა. სწორედ ამის საშუალებით ხდება რელიგიური ჭეშმარიტება ცხადი და ნათელი 11. მიუხედავად იმისა, რომ ვიტგენშტეინის მიდგომაში დატოვებულია ადგილი მისტიკური გამოცდილების ენით გამოხატვის შესაძლებლობისათვის, მისი ენის ფილოსოფია დიდად განსხვავდება ბიბლიური და წმ. მამათა (პატრისტიკული) შეხედულებათაგან. გარდა ამისა, ვიტგენშტეინის უუნარობა ახსნას ის, თუ როგორ შეიძლება მისტიკური გახდეს ცხადი, გვიდასტურებს იმ გარემოებაზე, რომ მთელი მისი სისტემა პროეცირებულია (აგებულია) აბსოლუტურად ანტროპოცენტრულ სტრუქტურაზე. განცდა ღმერთისა და მასზედ გამოთქმული სიტყვისა მთლიანად (ექსკლუზიურად) დაფუძნებულია ადამიანზე და ლიმიტირებულია ადამიანურ შესაძლებლობათა ძალზედ მცირე საზღვრებით. მის ენის თეორიაში ადგილი საერთოდ არ აქვს დათმობილი განცდა-გამოცდილებას, რომელიც სცდება ადამიანურ შესაძლებლობებს; ის, რაც განიცადა წმ. პავლე მოციქულმა, რომელიც "ატაცებულ იქნა მესამე ცამდე... და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს" (2 კორ. 12.2-4). ვიტგენშტეინს ადვილად შეუძლია აღიაროს რელიგიური ენა, რომელიც გამოხატავს რაღაც ტრანსცენდენტურს, იმას, რაც სცდება ენით გამოხატულ ადამიანურ ცოდნას. მაგრამ მის ფილოსოფიაში არანაირი ადგილი არ აქვს დათმობილი იმ ენას, რომელიც ადამიანებს მიეცემათ, როგორც მადლი სულიწმიდისგან 12. პავლე მოციქულის მიერ გამოთქმული ჭეშმარიტება, რომ "სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით", რჩება აბსოლუტურად უცხო, პარადოქსული და სკანდალური დღევანდელი მსოფლიოსთვის, კაცობრიობისათვის.

        უფრო გასაგები რომ გახდეს ის, თუ რას წარმოადგენს ენა ბიბლიურ-პატრისტიკული თვალთახედვით, საჭიროებს შემდგომ ახსნა-განმარტებას. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ყველა პროცესი, მიმართული საღვთო ჭეშმარიტებათა კომუნიკაციასთან მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულია. სიტყვა, განსჭვრეტა, თვით ზიარება უფალთან მისტიკური გამოცდილებით, შეადგენს განუყოფელ მთლიანობას. ეს მთლიანობა შეჯამებულია ერთ მცნებაში "ლოგოსი" (სიტყვა). ეს ბერძნული სიტყვა მრავალმნიშვნლოვანია. გამოთქმული სიტყვა, ზეპირი, თუ დაწერილი, შეიძლება განვიხილოთ როგორც სიტყვათა და ფრაზათა კომპოზიცია, რომლის მეშვეობითაც ხდება ადამიანთა შორის ურთიერგაგება. თეოლოგიურ დონეზე გამოთქმული სიტყვა არის გადაცემადი საღვთო ჭეშმარიტებათა გადაცემის (ტრანსმისიის) საშუალება, რომელიც შესაძლებელია გადაცემულ იქნას შექმნილი სიტყვით. ლოგოსი, როგორც შინაგანი, იმმანენტური ძალა შეიძლება გავიაზროთ როგორც კონტემპლაცია (განსჭვრეტა). ლოგოსი, როგორც შემოქმედის განსჭვრეტა აღემატება ლოგოსს, როგორც მის გამოხატვას. ეს მომენტი აღნიშნული აქვს პლატონს და აგრთვე წმ. მამებს 13. აქ მთავარია გავაცნობიეროთ ის მომენტი, რომ მართალია რთულია მოვძებნოთ ადეკვატური მცნება ღმერთზე, გაცილებით რთულია მისი გამოხატვა. ამგვარად, ლოგოსი, როგორც განსჭვრეტა უფრო მეტი შესაძლებლობებისაა, ვიდრე ლოგოსი, როგორც გამოხატულება; ლოგოსი როგორც ჭეშმარიტება აღემატება ორივეს - განსჭვრეტასაც და გამოხატულებასაც. ლოგოსი როგორც ჭეშმარიტება არის ღვთიური ლოგოსი: “სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე; და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდშობილის დიდება” (იონ. 1.14). ბერძნული ტერმინი "ლოგოსი" შემოიღო წმ. იოანე ღვთისმეტყველმა. შემდეგომში იგი გამოიყენა მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ, რათა აღენიშნათ ძე - წმინდა და განუყოფელი სამების მეორე ჰიპოსტასი, ის, ვინც ერთადერი “იცნობს მამას" (იოან. 10.15) და რომელიც მოუვლენს, განუცხადებს მამას მხოლოდ მას “ვისაც ძეს სურს" (მათ. 11.27). ღვთის მარადიული ლოგოსის ინკარნაციამ თეოლოგიას მიცა ახალი და უნიკალური პერსპექტივები. ღმერთის მარადიული ჭეშმარიტება გადაეცა ადამიანთ და გამოიხატა ადამიანური ენის მცირე ლიმიტებით. ინკარნირებული ლოგოსი გვესაუბრებოდა ადამიანებს ღმერთის შესახებ ადამიანური საშუალებებით, იყენებდა რა სიტყვებს, ხატებს, პარაბოლებს და მცნებებს, რათა ჩვენ შეგვძლებოდა საუბარი ღმერთზე 14. მას ეწოდა ლოგოსი იმისთვის, რომ მან შეცვალა ჩვენი აზრს მოლკებული სიცოცხლე (παν άλογον ημών) ახალი რეალობით, და გვაქცია ჩვენ ჭეშმარიტად გონიერნი. პავლე მოციქულიც ამისთვის მოგვიწოდებს: "ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად” (1 კორ. 10.31). სხვა სიტყვებით, ღვთაებრივმა ლოგოსმა თავისი ინკარნაციით მოგვცა შესაძლებლობა გავმხდარიყავით მისი მოზიარენი. ღვთაებრივი ლოგოსის სიცოცხლის მიღება კი ნიშნავს თავდაპირველი გონიერი სიცოცხლის აღდგენას. ლოგოსის სიცოცხლეში მონაწილეობით ადამიანის სიცოცხლე ასიმილირდება ღვთაებრივში. ქრისტეში ადამიანის სიცოცხლე ხდება ამაღლებული, მისი გონება ადის ღვთაებრივი გონების დონეზე 15. ეს კი ნიშნავს ადამიანის გონების განწმენდას და ყოველივე დეზორიენტაციისაგან განთავისუფლებას. ამას გარდა, ადამიანი, მანამ ზიარია უფლისა, ქრისტესი, მისი თეოლოგიური ენა აღარ შედგება უბრალო ადამიანურ სიტყვათგან. ის უკვე იღებს ღვთაებრივი სიტყვის ძალას (რაც ნათლად ჩანს წმ. მამათა ნაშრომებში) 16.

       გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ნათლად განვმარტოთ, რომ თეოლოგია, როგორც ეკლესიური ფუნქცია თავის დოქსოლოგიური მნიშვნელობით, არ არის ექსკლუზიური სფერო მხოლოდ ელიტარული სპეციალისტებისთვის (ანუ ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლულ ადამიანთათვის). პირიქით, ის არის ღია დიაკონია, კათოლიკური მნიშვნელობის რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგია არ არის შეზღუდული ინტელექტუალთა მცირე რაოდნობით, ის მაინც ურთულესი სფეროა. წმ. გრიგოლ ნოსელი თეოლოგიას ადარებს მთას, რომელზეც ძნელია აღსვლა 17. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მეტ ყურადღებას უთმობს მზადებას თეოლოგიისთვის. იმისათვის რომ გავცეთ პასუხი კითხვას თუ "რა არის საჭირო ღვთისმეტყველებისათვის" წმ. გრიგოლი აღნიშნავს შინაგან სიმშვიდეს (σχολή) და მდუმარებას 18. მდუმარება, როგორც აუცილებელი მეთოდი ღვთისმეტყველებისათვის აღნიშნა აგრეთვე წმ. ანტონმა, უდაბნოელმა მოძღვარმა. "მდუმარებაში შენ იყენებ შენს გონებას, და როცა ხმარობ გონებას, შენ შინაგანად ელაპარაკები შენს თავს; მდუმარებაში გონება შობს სიტყვას, და ღმერთისთვის შეწირული მადლიანი სიტყვა ხსნაა კაცთათვის" - წერს წმ. გრიგოლი თავის ჩანაწერებში “წმინდა ცხოვრებისთვის". 19

        უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენს თანამედროვე თეოლოგიურ გარემოცვაში ნაკლებად მივმართავთ მდუმარებას. ჩვენი თანამედროვე თეოლოგიური (სწავლების) განათლების სისტემა ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს გამოთქმული და დაწერილი სიტყვის მნიშვნელობაზე. საჯარო გამოსვლები და ჰომილიები გადაიქცნენ ძირითად თეოლოგიურ მიმართულებებად ჩვენს ფაკულტეტებზე. საზოგადოების ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ჩვენ უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ იმ გარემოებას, რასაც წმ. გრიგოლი უწოდებს შინაგან სიმშვიდეს (σχολή) და მდუმარებას. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი თეოლოგიური საზოგადოება იტანჯება დემოსთენეს სინდრომით თუ კომპლექსით: ერთი ბიოგრაფიული ტრადიციის თანახმად დემოსთენე, უდიდესი ათენელი ორატორი, ახალგაზრდობაში, როდესაც იგი რიტორიკის სტუდენტი გახლდათ, ცდილობდა დაეძლია თავისი ნაკლი და ესწავლა გამართულად ლაპარაკი. დემოსთენე ხშირად დადიოდა ზღვის ნაპირას, ჩაიწყობდა პირში კენჭებს და ზღვისკენ პირმიბრუნებული ხმამაღლა ვარჯიშობდა სიტყვათა გამოთქმაში. ასე აიძულა მან საკუთარი თავი გამხდარიყო ორატორი. ათენას საზოგადოება, ჩვენსგან განსხვავებით იღებდა მხოლოდ "წარმატებულ" ადამიანებს. ვგრძნობ, რომ ჩვენც ვასწავლით და ვაიძულებთ ჩვენს სტუდენტებს გახდნენ "წარმატებული" ორატორნი თუ თეოლოგიის მასწავლებელნი. ერთი მხრივ, ეს რა თქმა უნდა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ვასწავლით თუ არა ჩვენ მათ დააფასონ მდუმარება? ვუმზადებთ განა ჩვენ მათ გზას, რომელსაც მივყავართ შინაგანი სიმშვიდისა და მყუდროებისაკენ? "გერონტიკონში" ვკითხულობთ: "ნათქვამია, რომ აბა აგათონი 3 წლის განმავლობაში პირით ატარებდა ქვას, მანამ, სანამ იგი არ მიეჩვია დაეცვა მდუმარება" 20. დემოსთენე და მამა აგათონი ერთი და იმავე მეთოდს იყენებდნენ სრულიად საპირისპირო მიზნების მისაღწევად. პირველი მიზნად ისახავდა გამხდარიყო ორატორი, მეორე, კი ესწავლა მდუმარების დაცვა.

        დიდება და განდიდება

        როდესაც ვსაუბრობთ მდუმარებაზე, ჩვენ სრულიადაც არ ვგულისხმობთ პათეტიკურ, ინდივიდუალისტურ თუ სტატიკურ მდგომარეობას, რაც უდავოდ ერთგავრი პათოლოგიაა. მდუმარება არ არის ანტროპოფობიის შედეგი. ის მჟღავნდება როგორც ღრმად შინაგანი და სულიერი თვისება. ის არის ეგზისტენციური, განმკურვნელი და შემოქმედებითი ძალა, ადამიანის მთელი არსების მიმმართველი საღმრთო ცხოვრებისკენ. მდუმარება ღრმად ქრისტიანული მიდგომაა და დაკავშირებულია საღმრთო კენოზისთან. თუ გადავხედავთ ბიბლიურ მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია ლოგოსის (ქრისტეს) დამცირების მწვერვალთან - მის ვნებებთან და ჯვარცმასთან, ჩვენ შევნიშნავთ, რომ ქრისტე ყოველივე ამას ეწინაამდეგებოდა აბსოლუტური დამორჩილებითა და მდუმარებით. უმაღლესი ქურუმის კითხვაზე "არაფერს არ პასუხობ?" იესომ დაიცვა მდუმარება და არაფერი უპასუხა (მათ. 26.62-63). აგრეთვე, პილატეს კითხვაზე "არაფერს არ პასუხობ?" იესომ კვლავ არაფერი უპასუხა (მარკ. 15.4-5). ქრისტეს ჯვარზე მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებით ისაიას წინასწარმეტყველება ყველაზე მეტად გამაოგნებელია: “კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს ბაგე” (ეს.53:7). მდუმარებას ხაზს ვუსვამთ იმისთვის, რომ ის არ არის იმდენად ლაპარაკის უარჰყოფა, რამდენადაც მიდგომა და შინაგანი ქცევა. იგი დაკავშირებულია ინკარნირებული ლოგოსის დიდებასთან და ასევე იმ შესაძლებლობასთან, რომელიც მონიჭებულია ჩვენდამი ღმერთის განსადიდებლად. ამ მხრივ ჩვენ გვიპირისპირდება ქრისტიანული პარადოქსი: მდუმარება, როგორც გამოხატულება სიტყვის უკიდურესი (ექსტრემალური) თვითდაცლისა, და როგორც უფლის დიდებისა ამავდროულად. ზუსტად ეს (პარადოქსი) გარემოებაა ებრაელთათვის "საცდური" და ბერძენთათვის “უგუნურება” (1 კორ. 1.23). ებრაელთათვის უფლის მდუმარებისა და ჯვარცმის შესაძლებლობა არა მარტო წამოუდგენელი იყო, არამედ საშინელი ღვთისმგმობლობა. ძველბერძნული სიბრძნის მიხედვით, დამცირებული, მდუმარედ ტანჯული ღმერთი, რომელიც არ აჩენდა თავის ძლიერებას, წარმოუდგენელთან ერთად დიდი უგუნურება და სიბრიყვე გახლდათ. თუმც, ის რაც სკანდალური იყო ებაელთათვის და უგუნურება ბერძენთათვის, საბოლოო ანგარიშით არის “ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე" (1 კორ. 1:23-24).

        უკეთესი განმარტებისთვის, მარადიული და უცვლელი დიდება ღვთისა, მისი ძლიერება და სიბრძნე გამოგვეცხადა ჩვენ დამცირებული ლოგოსის სახით. ეს ნათლად დაგვანახა წმ. იოანემ თავის სახერებაში: “სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე; და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდშობილის დიდება” (იონ. 1.14). დიდება გადაეცა ადამიანურ რეალობას, რადგან ღმერთი თავისი უნიკალური ქმედებით შემოვიდა ადამიანური სიდუხჭირის საზღვრებში. იგი თავისი ნებით ზეგარდმო ჩამოვიდა, დამდაბლდა ადამიანურ დონეზე, "ჩვენ კი ყველანი ახდილი სახით ვხედავთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, და გარდავისახებით იმავე სახედ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან" (2 კორ. 3.18).

        საბოლოო ანალიზისთვის აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ უფლის მარადიული დიდება გაცხადებული კაცობრიობის ისტორიის სცენაზე ლოგოსის უკიდურესი დამცირებით - უდიდესი პარადოქსია. ბერძნული საზოგადოება სხვა დღევანდელ საზოგდოებათა მსგავსად ისწრაფვის პროგრესისკენ და საერთო წარმატებისკენ და კეთილდღეობისკენ, ადამიანური დიდებისა და ძლიერების მონაპოვართათვის; უფლის პარადოქსი კი რჩება ისევ კონტრადიქციად, ყოველგვარ ამქვეყნიურ წესთა თუ კანონთა დარღვევად. ჩვენ, ქრისტიანებს, ხშირად გვაკლია უნარი გავაცნობიეროთ ის გაემოება, რომ ამ წინაამდეგობრიობას მივყავართ ჭეშმარიტებისაკენ და რომ ბოლოს "თვით ქმნილებაც განთავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის" (რომ 8.21). ადამიანური ხედვა იმდენად სუსტია, რომ აღიქვამს საგნებსა თუ მოვლენებს ისე, როგორც ისინი ჩანან, და არა ისე, როგორიც ისინი არიან სინამდვილეში. მართლმადიდებლურ ხატწერაში (იკონოგრაფიაში), ამ მოვლენის აღსანიშნავად არსებობს ხატი ქრისტეს გამოხატულებით, სახელად "დიდების ღმერთი". ეს ხატი არ არის სახე ღვთის ძისა თავის სამეფოში, არამედ ხატი ტანჯული და წამებული ქრისტესი. ამ მდუმარე ფორმით, უკიდურესად დამცირებული, "მშვენებასა" და "ღვთაებრივ სახეს" მოკლებული, ჯვრის მისტერიაში ჰიპოსტასირებული სიბრძნე - დიდება და ძალა მამა ღმრთისა - წარმოჩინდა თავისი დიდებითა და ღვთაებრიობით.

        ის რაც ზემოთ იყო აღნიშნული მდუმარებასთან და დამცირებასთან დაკავშირებით წარმოადგენს დოქსოლოგიის თემას. დოქსოლოგია არ არის ფუჭი და უაზრო ვერბალიზაცია, არც ტრიუმფალურ სიტყვათა ნაკადი; ეს არის ენა მათი, ვინც “უარჰყო თავისი თავი” (მათ. 16:24-25). დოქსოლოგია ჭეშმარიტად იმ ადამიანთა ენაა, ვინც შეძლო ესწავლა მდუმარების დაცვა. ამგვარად, დოქსოლოგია უშუალოდ დაკვშირებულია ქრისტეს ცხოვრებასთან. ეს არის შედეგი ქრისტეში ცხოვრებისა. დოქსოლოგია არის ენა წმინდანთა და მათი, ვინც მიჰყვება გზას Via Dolorossa, გზას გოლგოთისა, ტანჯვისა, დამცირებისა და მორჩილებისა. იმის დაჯერება, რომ არსებობს საშუალება გამოვიყენოთ დოქსოლოგიური ენა სიწმინდის გარეშე, ნიშნავს გვჯეროდეს ღვთისმეტყველების არსებობისა ღმერთის გარეშე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ "დოქსოლოგაზე, როგორც მართლმადიდებლობის ენაზე", უნდა კარგად ვაცნობიერებდეთ, რომ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველნი ფაქტიურად გვიდასტურებენ თავიანთ უღრმეს სურვილსა და ეგზისტენციალურ აგონიას ეთოსის, სულისა და მართლმადიდებლურ დამოკიდებულებათა დასაცავად და გასაღრმავებლად. ეს კი ჭეშმარიტად ჩვენი გამოძახილია და მისსია.





პროფესორი კონსტანტინე სკუტერისი
ათენის აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრა



1. სხვა შრომებთან ერთად ჩვენ აქ ვიყენებთ ნ.ა. ნისსიოტისს, "La Theologie en tant que science et en tant que doxologie," Irenikon 23 (1960) 291; კ.ე. პაპაპეტროუ, "თეოლოგიის არსი" (ბერძნულ ენაზე, ათენი, 1970); ს. ბ. სკუტერისი, "თეოლოგიის, თეოლოგიზაციის და თეოლოგის მცნებათა მნიშვნელობა ბერძენა მამათა სწავლებაში, კაპადოკიელ მამათა ჩათვლით", (ბერძნულ ენაზე, ათენი, 1972); ა. ფერმეტი და მარლი, Theologies d'aujourd'hui". ჯ. რობინსონი, ჯ. რატზინგერი, ჰ. კოქსი, ჰ. ზარნეტ, ჟ. მოლმანი (პარიზი, 1973), ე.ლ. მასკალლი, "თეოლოგია და სახარება", ესსე რეორიენტაციაზე" (ლონდონი, 1977). იხ. აგრეთვე კოლექტიური ნაშრომი რ. ვანდერგუნჰტი და ჰ. ვორგრიმლერი "Bilan de la Theologie du XXe (პარიზი, 1970).

2. იხ. აგრეთვე "Prayer behind the Ambon" იოანე ოქროპირის ლიტურგიაში.

3. წმ. იოანე ოქროპირი Ερμηνεία εις την προς Ρωμαίους Επιστολήν 3, 4; PG 60.413.

4. წმ. ეპიფანე Κατά αιρέσεων 69, 74 in Κ. Ηοll, ed., Die Griechischen Christlichen Schriftsteller (GCS) ρ. 222, 14-15; PG 42.321D.

5. "Προσευχόμενοι μη βαττολογήσωμεν αλλά θεολογήσωμεν," Origen, Περί Ευχής პ. კოჩაუ, , ed., Die Griechischen Christlichen Schriftsteller p. 345, 3-4; PG 14.480C.

6. მაგ. იხ. ორიგენი, Εις τον Ιερεμίαν ჰომ. 18 ე. კლოსტერმანი Die Griechischen Christlichen Schriftsteller p. 158, 9-15; PG l3.176Α; Εις Ψαλμόν 67 in J.B.C Pitra, ed., Analecta Sacra Spicilegio Solesmeni Parata Vol. 3 (Paris, 1883), ρ.8Ο; Εις ΠαραμίαςΣολομώντος PG 13.24ΑΒ ორიგენეს შეხედულებათა შემდგომი განხილვისთვის იხ. აგრეთვე სკუტერისი, "ტერმინ "თეოლოგიის" მნიშვნელობა", გვ.81-85.

7. ევაგრიოსი, Περί Προσευχής PG 79.118ΟΒ. ვ. ლოსსკი ევაგრიოსის ამ შეხედულებასთან დაკავშირებით გამოთქვამს შემდეგ აზრს: "theologie gnose de la Trinite et oraison soot synonymes pour Evagre," Vision de Dieu (Neuchatel, 1969) გვ. 271.

8. გ. ევერი, "ბიზანტიური პატრიარქატი", (ლონდონი, 1947), გვ. IX, ციტირებულია გამოცემაში "მართლმადიდებლური ეკლესია" ტ. ვეარი, ჰარმონდვორსი, 1969, გვ. 271.

9. წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია.

10. ეს ნათლად გამოთქმულია სულთმოფენის (პენტეკოსტის) ლოცვებში: სულიწმიდა გვაძლევს ყოველივეს, ის მოედინება წინასწარმეტყველებაში, ის გვაქცევს მღვდლებად და ასწავლის სიბრძნეს გაუნათლებელთ, მან აამაღლა მეთევზეები ღვთისმეტყველებამდე. მან გააერთიანა ეკლესიის მთელი ინსტიტუტი. "ნუგეშისმცემელო, თანაარსო მამისა და ძისა და თანაზიარო ტახტისა, დიდება შენდა".

11. იხ. ლ. ვიტგენშტეინი "Tractatus logico-philosophicus."(Frankfurt am Main, 1969). იხ. აგრეთვე ჰ. ო. მონსი, "ვიტგენშტეინის ტრაქტატი", შესავალი, (ოქსფორდი, 1981, გვ. 99-100; კ. ბუდურისი, "ვიტგენშტეინის აზროვნების თეორია", ბერძნულ ენაზე, ათენი, 1972, გვ 120-121.

12. ეს გვხვდება წმ. მამათა სწავლებებში, მაგ. იხ. დიდიმუს ბრმა Περί της Αγίας Τριάδος 3, PG 39, 825A; Εις Ψαλμούς PG 39, 1129A. ეუსებიოს, Της Εκκλησιαστικής Θεολογίας 1, 20. კლოსთერმანნი, Die Griechischen Christlichea Schriftsteller გვ. 96, ?-10; PG 24.892C.

13. პლატონი, Τίμεων 28c. იხ. აგრეთვე კირილე ალექსანდრიელი Ερμηνεία εις το κατά Ιωάννην Ευαγγέλιον 14, 20 პ. ე. პუსეტი, გვ. 480. 74, 237 წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი შემდეგნაირად გამოთქვამს ამ ფრაზას: "Θεόν νοήσαι μεν χαλεπόν φράσε δε αδύνατον" Λόγος 28 ა. ჟ. მასონი, ედ., p. 26; PG 36.29©.

14. კ.ე. პაპაპეტროუ, "თეოლოგიის არსი" გვ. 44 (ბერძნულ ენაზე, ათენი, 1970);

15. ორიგენი, Εις το κατά Ιωάννην 1, 37 კლოსტერმანნი, Die Griechischen Christlichen Schriftsteller გვ. 47, 21-Ζ9; PG 14.96ჱ. "Λόγος καλείται παν άλογον ημών περιαιρών και κατά αλήθειαν λογικούς κατασκευάζων, πάντα εις δόξαν θεού πράττον-τας μέχρι του εσθίειν και του πίνειν, εις δόξαν θεού επιτελούντας δια τον λόγον και τα κοινότερα και τα τελειώτερα του βίου έργα. ჲი γαρ μετέχοντες αυτού ανιστάμεθα καί φωτιζόμεθα, τάχα δε και ποιμαινόμεθα ή βασιλευόμεθα, δήλον ότι και ενθέως λογικοί γινόμεθα, τα εν ημίν άλογα και την νεκρότητα αφανίζοντος αυτού, καθ' ό Λόγος εστί και ανάστασις."

16. შემდგომი განხილვისთვის იხ. სკუტერისი, "ტერმინ "თეოლოგიის" მნიშვნელობა" გვ. 167.

17. "Ορος γάρ εστι άναντες ως αληθώς και δυσπρόσιτον η Θεολογία, ής μόλις ო πολύς λεώς την υπώρειαν φθάვει," წმ. გრიგოლ ნოსელი, Περί του βίου του Μωυσέως, ჰ. მუსსირილიო, გვ. 84, 21-22. ჴღ 44.373ჱ-76Α. 18. "Δει γαρ τω όντι σχολάσαι και γνώναι Θεόν και όταν λάβωμεν καιρόν κρίνειν θεολογίας ευθύτητα," წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, Λόტος 27 3, Α.1. მასონი, ედ., გვ. 5, 6-8; PG 36.16Α.

19/20 ბ. ვარდი, "მეუდაბნოე მამათა გამონათქვამები". ლონდონი, 1981, გვ 22.