ფიზიკის მიერ გადაუჭრელი ენერგიის კრიზისი



ფიზიკის მიერ გადაუჭრელი ენერგიის კრიზისი



სამყარო შეიცავს წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგიას. მხოლოდ თქვენი პატარა თითი საკმარის ენერგიას შეიცავს, რომ თვეების განმავლობაში უზრუნველყოს მსხვილი ქალაქი. საიდან გაჩნდა მთელი ეს ენერგია? პასუხმა ნატურალისტი მეცნიერები დილემის წინაშე დააყენა, მაგრამ მორწმუნეები ამ ფაქტს თვლიან შემოქმედი ღმერთის ყოვლისშემძლეობის კიდევ ერთ საოცარ დასტურად.

ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კანონი

მეოცე საუკუნის დასაწყისში ფიზიკოსებმა გააცნობიერეს, რომ ენერგია და მასა ექვივალენტურია. საოცარია, მაგრამ ენერგიას აქვს მასა, ხოლო მატერიას აქვს შინაგანი ენერგია მისი მასის გამო. ენერგია შეიძლება გარდაიქმნას მატერიად, ხოლო მატერიაში არსებული ენერგია შეიძლება განთავისუფლდეს სხვა ფორმებში, აინშტაინის ცნობილი განტოლების მიხედვით, E = mc2, სადაც E არის ენერგია, m არის მასა და c არის სინათლის სიჩქარე. ეს ნიშნავს, რომ სამყარო შეიცავს უზარმაზარ რაოდენობას ენერგიას, არა მხოლოდ ჩვეულებრივი ფორმებით, არამედ მატერიის სახითაც.

რაში მდგომარეობს პრობლემა სეკულარული მეცნიერებისთვის? ფიზიკოსებმა დიდი ხანია აღიარეს თერმოდინამიკის პირველი კანონი - რომ ენერგია არ შეიძლება არც შეიქმნას და არც განადგურდეს. ვინაიდან მატერია და ენერგია ექვივალენტურია, სამყაროში მატერიის უეცარი გაჩენა არღვევს ფიზიკის ამ ფუნდამენტურ კანონს! ფიზიკოსებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ სამყარო მუდმივია და რომ ის მარადიულად არსებობდა. მსგავსი მიდგომა რა თქმა უნდა, თავიდან იცილებს თერმოდინამიკის პირველ კანონთან დაკავშირებულ პრობლემას, რომელსაც მეცნიერები ხშირად ენერგიის კონსერვაციის კანონსაც უწოდებენ.

მაგრამ ამ შეხედულებისთვის, უკვე თერმოდინამიკის მეორე კანონი წარმოადგენს პრობლემას! მიუხედავად იმისა, რომ პირველი კანონი ამბობს, რომ სამყაროს მთლიანი ენერგია არ იცვლება, მეორე კანონი ადგენს, რომ მუშაობისთვის სასარგებლო ენერგიის რაოდენობა სამყაროში მუდმივად მცირდება. საბოლოოდ, დროთა განმავლობაში სამყაროს მთელი ენერგია გათანაბრდება. გამოსადეგი ენერგიის გარეშე მუშაობა შეუძლებელია და შესაბამისად, სიცოცხლე შეუძლებელი გახდება. ფიზიკოსები ამას სითბურ სიკვდილს უწოდებენ და ეს არის სამყაროს პერსპექტივა შორეულ მომავალში, თუ არ მოხდა შემოქმედი ღმერთის ჩარევა. სამყარო მარადიული რომ ყოფილიყო, დიდი ხნის წინ უნდა მიეღწია სითბური სიკვდილის მდგომარეობამდე!

ცხადია, ეს ასე არ არის და სამყარო ჯერ შორსაა სითბური სიკვდილისგან. თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად, სამყარო არ შეიძლება იყოს და ვერც იქნება მარადიული. ეს ნათლად ამტკიცებს, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, როდესაც შეიქმნა ენერგია. მაგრამ სამყაროს შექმნა არღვევს თერმოდინამიკის პირველ კანონს (თუ გულუბრყვილოდ ჩავთვლით, რომ თერმოდინამიკის პირველი კანონი მოქმედებდა სამყაროს შექმნისას).

თანამედროვე სამყაროში თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონები ხელიხელჩაკიდებული მუშაობენ. ისინი უნივერსალურია და ფიზიკის ყველაზე ფუნდამენტურ კანონებს წარმოადგენენ. უფრო მეტიც, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ორი კანონი მომავალშიც იმოქმედებს და ასევე, წარსულშიც ანალოგიურად მოქმედებდნენ. თუმცა, როდესაც ეს ორი კანონი წარსულში განუსაზღვრელი ვადით გამოიყენება, ჩვენ აუცილებლად მივდივართ წინააღმდეგობაში. როგორ შეიძლება ამ დილემის დაძლევა?

წარმოსახვითი გადაწყვეტილებები

სეკულარულმა მეცნიერებმა გამოიგონეს ყველანაირი ჰიპოთეზა ამ წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად. დღეს სულ რამდენიმე მეცნიერს თუ სჯერა, რომ სამყარო მარადიულია. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროს იმ რეგიონში, სადაც იზრდება ენტროპია (გამოუსადეგარი ენერგია), მაგრამ არის სხვა რეგიონები, სადაც ენტროპია პირიქით მცირდება. საბოლოოდ, მიმართულება, რომლითაც იცვლება ენტროპია სამყაროს ჩვენს ნაწილში, შეიძლება შეიცვალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ჰიპოთეზის თანახმად, თერმოდინამიკის მეორე კანონი არ ვრცელდება მთელ სამყაროზე, არამედ მხოლოდ სამყაროს ნაწილებზე და არც ყველა დროში არ მოქმედებს.

ეს ნიშნავს თერმოდინამიკის მეორე კანონის უარყოფას, ან, სულ მცირე, იმის მტკიცებას, რომ ის არ მოქმედებს საყოველთაოდ, ან რომ ენერგია შეიძლება სპონტანურად შეიქმნას ისეთი მცირე რაოდენობით, რომ ჩვენ ვერც კი შევამჩნიოთ. რა თქმა უნდა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მეცნიერება უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ მტკიცებულებებზე. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ფიზიკის რომელი კანონი არ არის უნივერსალური? ფიზიკური კანონების ერთგვაროვნება წარმოადგენს მეცნიერების საფუძველს, ამიტომ მისი უარყოფა ნიშნავს მეცნიერების უარყოფას!

დღეს მეცნიერთა უმრავლესობა თვლის - რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. დიდი აფეთქების თეორია ამტკიცებს სამყაროს (ენერგიის, სივრცის და დროის) წარმოქმნას. მაგრამ, როგორც ვხედავთ, სამყაროს შექმნა ერთმნიშვნელოვნად არღვევს თერმოდინამიკის პირველ კანონს.

ფიზიკის თეორეტიკოსებმა გამოიგონეს მრავალფეროვანი დახვეწილი იდეები იმის ასახსნელად, თუ როგორ შეიძლებოდა სამყაროს არსებობა ენერგიის კონსერვაციის კანონის დარღვევის გარეშე. ეს მიდგომები ეყრდნობა კვანტური მექანიკის საეჭვო ინტერპრეტაციებს და ფიზიკის შესახებ სპეკულაციურ იდეებს, რისთვისაც აბსოლუტურად არ არსებობს ემპირიული მტკიცებულებები.

მსგავსი ჰიპოთეზები გადაიქცნენ ფილოსოფიურ არგუმენტებად, რომლებიც არ შეიცავენ სამეცნიერო მტკიცებულებებს. ფაქტი, რომ ეს მეცნიერები ხშირად იყენებენ სამეცნიერო ჟარგონს მსგავსი იდეების აღსაწერად, არ ნიშნავს, რომ ფილოსოფიური სპეკულაცია შეიძლება იყოს მეცნიერება.

ვინაიდან ამ დილემის გადაწყვეტისთვის სეკულარული მეცნიერების არცერთი პასუხი არ არის მეცნიერულად დასაბუთებული, ალბათ ყველაზე აშკარა დასკვნაა მართებული: სამყაროს წარმოშობა ფიზიკურად ვერ აიხსნება! თუ რამეს არ აქვს ფიზიკური ახსნა, მაშინ სტანდარტულად მას აქვს მეტაფიზიკური ახსნა.

დღეს ეს დასკვნა მეცნიერთა უმეტესობისთვის ანათემის ტოლფასია. მათი მსოფლმხედველობით, ფიზიკური სამყარო არის ყველაფერი, რაც არსებობს, შესაბამისად, მათი წარმოსახვით არ არსებობს არც სულიერი რეალობა და არც ღმერთი. როდესაც სამყაროს შექმნის ფენომენის წინაშე დგანან, რომელსაც არ აქვს ფიზიკური ახსნა, მსგავსი მსოფლმხედველობა ამ მეცნიერებს არ აძლევთ სხვა შესაძლებლობას. ამდენად მათ უნდა მოიგონონ რამენაირი ახსნა, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს მეცნიერებას.


ერთი დიადი სასწაული

როგორია დასკვნა? მეცნიერების ორი ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ფუნდამენტური კანონი, განუსაზღვრელ წარსულში გამოყენებისას იწვევს წინააღმდეგობას. ამ დილემის გადაწყვეტა საბოლოოდ იწვევს მეცნიერების, ანუ ფიზიკური ახსნის უარყოფას! მოვლენას, რომელსაც არ გააჩნია ფიზიკური ახსნა, ეწოდება სასწაული!

სამყაროს შექმნა ნამდვილად სასწაულია! მაგრამ ეწინააღმდეგება თუ არა სასწაული მეცნიერებას? არა! დიდ მეცნიერთა აზრით, როგორიცაა სერ ისააკ ნიუტონი. ერთ დროს მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებდა სამყაროს შექმნის ბიბლიურ მტკიცებულებას. მეცნიერებამ არ დაადასტურა, რომ ისინი ცდებოდნენ. პირიქით, ნატურალიზმის დაშვებამ აღმოფხვრა კრეაციონიზმი როგორც შესაძლებლობა, მრავალი მეცნიერის აზროვნებაში.

მეცნიერება, თუ სწორად არის გაგებული, არ გამორიცხავს სამყაროს შექმნას ღმერთის მიერ. ფაქტობრივად, თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონები მოითხოვს ამის აღიარებას.



Dr. Danny R. Faulkner, 2017
Featured in Answers Magazine