სივრცე-დრო



სივრცე-დრო

- სივრცე, დრო, მატერია, ვირტუალური ნაწილაკები... და სამების პრინციპი სამყაროში -



სივრცე, დრო და მატერია წარმოადგენს „სამი ერთში“ მაგალითს ბუნებაში. შესაძლოა ღმერთმა იმ მიზნით შექმნა სამყარო ამგვარად, რომ გამოეცხადებინა საკუთარი ღვთაებრივი ბუნება - სამება. ზოგიერთი ადამიანი არ იზიარებს, რომ ღმერთმა შექმნა ცარიელი სივრცე, მაგრამ ეს ზუსტად ასეა! სივრცე არ არის „არაფერი“; ეს რაღაცაა, ისევე როგორც ღრუბლები და ხეები. მას ჰქონდა დასაწყისი და შესაბამისად შეიქმნა ღმერთის მიერ, თანახმად წმ. წერილისა “ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა” (იოანე 1:3). სივრცე რომ მართლაც არაფერი იყოს, ჩვენ ვერ გავზომავდით მას. როდესაც ვზომავთ მაგალითად "ცარიელი" ოთახის მოცულობას, ჩვენ რეალურად ვზომავთ მასში არსებული სივრცის რაოდენობას.

სივრცეს აქვს თვისებები. მაგალითად, მას აქვს სამი განზომილება. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია სივრცეში გადაადგილება სამი დამოუკიდებელი მიმართულებით (ზემოთ და ქვევით, მარცხნივ და მარჯვნივ, წინ და უკან). ნებისმიერი სხვა მოძრაობა არის ამ სამი მიმართულების კომბინაცია. შესაძლოა ღმერთმა შექმნა სამგანზომილებიანი სივრცე იმ მიზნით, რომ გამოეცხადებინა საკუთარი ღვთაებრივი ბუნება - სამება. ღმერთი სამია (პიროვნებით), მაგრამ ერთია (ბუნებით). ანალოგიურად, სივრცე არის სამი (განზომილებებით) და ერთი (ბუნებით).

ღმერთმა შექმნა დროც. დროს ჰქონდა დასაწყისი (დაბადება 1:1) და ამიტომ მოითხოვს შემოქმედს. დროს აქვს მხოლოდ ერთი განზომილება, მაგრამ ჩვენ დროს აღვიქვამთ სამ განყოფილებად: წარსული, აწმყო და მომავალი. ასე რომ, დრო, ისევე როგორც სივრცე, არის ერთგვარი „სამი ერთში“ პრინციპის და გვახსენებს ღვთის სამეულ ბუნებას. მიუხედავად იმისა, რომ სივრცეში გადაადგილების თავისუფლება გვაქვს, დროში მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია; ჩვენ ვიხსენებთ წარსულს, განვიცდით აწმყოს და ველოდებით მომავალს. ვინაიდან მხოლოდ ღმერთი არის დროის მიღმა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცოდეს მომავალი. ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მომავლის შესახებ გონივრული პროგნოზების გაკეთება, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა უწყის კონკრეტული მომავალი მოვლენები. ესაია 46:9–10 გვეუბნება, რომ სხვა არავინ ჰგავს ღმერთს; რომ მხოლოდ უფალმა იცის ყოველივე დასაბამიდან უკუნისამდე; ის, რაც ჯერ არ მომხდარა. „მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი. დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ“.

სივრცე-დროს თვისებები

აინშტაინმა აჩვენა, რომ სივრცე და დრო ურთიერთდამოკიდებულნი არიან. ანუ სივრცე და დრო ორივე ნაწილია ერთი სტრუქტურისა, რომელსაც ჩვენ სივრცე-დროს ვუწოდებთ. აინშტაინი მიხვდა, რომ ჩვენი გაზომვები სივრცეში დისტანციებზე და დროის ინტერვალებზე, გავლენას ახდენს მოძრაობაზე (ეს განსაკუთრებით შესამჩნევია სინათლის სიჩქარის მიახლოებისას). თუმც, ინტერვალის სივრცე-დროში გაზომვაზე სიჩქარე არ მოქმედებს.

კვანტური ფიზიკის თანახმად, უმცირეს მასშტაბებში, სივრცე-დრო მუდმივად წარმოქმნის და ანადგურებს უკიდურესად დაბალი მასის ნაწილაკებს, რომლებსაც „ვირტუალურ ნაწილაკებს“ უწოდებენ. არაქრისტიანი მეცნიერები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ვირტუალური ნაწილაკები აჩვენებენ, რომ შეიძლება არაფრისგან რაიმე წარმოიქმნას. მაგრამ ახლა უკვე ნათელი გახდა მეცნიერებისათვის, რომ „ვირტუალური ნაწილაკები“ ამას არ ამტკიცებენ. ისინი წარმოიქმნებიან სივრცისგან, და არა არაფრისგან.

მატერიალურ ობიექტებს არსებობისთვის სივრცე დრო სჭირდებათ. ნებისმიერ ფიზიკურ ობიექტს აქვს მდებარეობა სივრცეში და დროში. ასე რომ, ერთი გაგებით, სივრცე-დრო ჰგავს ბადეს, რომელშიც ფიზიკური ობიექტები მდებარეობენ. თუმცა, აინშტაინმა აღმოაჩინა, რომ ნებისმიერი ფიზიკური ობიექტი (მასა) ახდენს მის დეფორმაციას. მატერია ხრის სივრცე-დროს, ხოლო სივრცე-დრო მატერიას ეუბნება, თუ როგორ უნდა იმოძრაოს.

მატერიის თვისებები

ჩვეულებრივი მატერია შედგება ატომებისგან. გასაოცარია, რომ ატომებსაც აქვთ "სამი ერთში" ბუნება. ისინი შედგებიან სამი ტიპის ნაწილაკებისგან - პროტონები, ნეიტრონები და ელექტრონებისგან (გარდა წყალბადისა, რომელსაც ჩვეულებრივ არ აქვს ნეიტრონები). პროტონები და ნეიტრონები ასევე შედგება სამი პატარა ნაწილაკისგან, რომელსაც კვარკები ეწოდება. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მეცნიერი პრინციპულად უარყოფს სამებას, იმავდროულად აღიარებენ „სამი ერთში“ მრავალ მაგალითს, რომელსაც ბუნებაში ვხედავთ. შესაძლოა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთი ასე მკაცრად ამბობს: „ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება” (რომაელთა 1:18–20). ბიბლია გვეუბნება, რომ დასაწყისში (დრო) ღმერთმა შექმნა ცა (სივრცე) და დედამიწა (მატერია). ასე რომ, სამყარო თავისთავად არის „სამი ერთში“, რაც შემოქმედი ღმერთის ერთგვარი ანარეკლია. სამყაროს ლოგიკური და მოწესრიგებული მოქმედება ასევე არის ანარეკლი „თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი“ შემოქმედი ღმერთისა, ვინც შექმნა სამყარო და განუწყვეტლივ წარმართავს მას (ებრ.1:3).


Dr. Jason Lisle, 2007
Featured in Answers Magazine









სივრცის სამი განზომილება.
სივრცე არ არის არაფერი. მას აქვს სამი განზომილება - სიგანე, სიგრძე და სიმაღლე. როდესაც ობიექტი მოძრაობს, ის მოძრაობს სივრცის ამ სამ განზომილებაში.


დროის სამი განყოფილება.
წარსული, აწმყო და მომავალი დროის სამი განყოფილებაა. დრო აკავშირებს ადამიანებს აწმყოში მხოლოდ წარსულის მოგონებებით და მომავლის იმედით. მხოლოდ ღმერთია დროის მიღმა. ის მარადიულია, ხედავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.


ნაწილაკების სამი ტიპი.
ატომური ნაწილაკებიც კი ამოწმებენ ღვთის ბუნებას - სამებას. ყველა ატომი, გარდა წყალბადისა, შედგება პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონებისგან.