წმ. ელია წინასწარმეტყველი და რწმენა


წმ. ელია წინასწარმეტყველი და რწმენა
- რწმენაში გაურკვევლობის უგუნურება -

        “და მიიკრიბნა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა. და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ” (3 მეფ. 18:21).

       ფალი, თავისი განგებულებისამებრ, უპირველესად ამზადებს ხალხს წყალობის მოვლენისათვის. სასჯელის მოხსნამდე უფალს სურს, რომ ხალხმა აღიაროს და დაუტევოს ის ცოდვები, რომლებმაც განაპირობეს ესა თუ ის სასჯელი. ამის მაგალითს წმინდა წერილში ვპოულობთ. ისრაელში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა. სამნახევარი წლის განმავლობაში წვიმის წვეთიც კი არ დაცემულიყო. ეს შიმშილობა გამოიწვია ებრაელი ხალხის ღვთისგან გაუცხოებამ და კერპთაყვანისმცემლობამ. ღმერთს კი სურდა, რომ მოეხსნა ეს სასჯელი თავისი რჩეული ერისათვის და ებრაელთა მოსამზადებლად ელია წინასწარმეტყველი გაგზავნა, რომელსაც უნდა დაერწმუნებინა თავისი თანამემამულეები კერპთაყვანისმცემლობის უგუნურებაში და მათთვის სინანულისკენ მოეწოდებინა. ამისთვის, უფლის ნებით ელიამ აქაბს მოუწოდა შეეკრიბა მთელი ისრაელი ქარმელის მთასთან და მოეყვანა ბაალის კერპის წინასწარმეტყველები, რათა გარკვეულიყო, თუ ვინაა ღმერთი – უფალი თუ ბაალი. ამისთვის, ელიას მოწოდებით, მას და ბაალის წინასწარმეტყველებს თითო თითო კურატი უნდა დაეკლათ, გაემზადებინათ და შეშაზე დაედოთ; ცეცხლი კი არ უნდა დაენთოთ. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით უპასუხებდათ აღიარებული იქნებოდა, როგორც უფალი ღმერთი. წმინდა წერილში აღწერილია ელიას მიმართვა ხალხისადმი: “ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? (როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?) უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა” (3მეფ. 18:21). როგორც წმინდა წერილიდანვე ვგებულობთ, ებრაელმა ხალხმა ელიას ვერაფერი უპასუხა.

       ელიას ამ სიტყვებში შემდეგი გარემოებები შეინიშნება:

       I. ელია ხალხს მოუწოდებს, რომ ხანგრძლივი ყოყმანი ამ ორ პოზიციას შორის დაუშვებელია, რაშიც აშკარად სჩანს ელიას მცდელობა დაარწმუნოს და დაიყოლიოს ებრაელი ხალხი არჩევნის მიღებაში. პირველ რიგში აღსანიშნავია ის ორი პოზიცია, რომელთა არჩევაშიც ყოყმანობდა ხალხი: უფალია ღმერთი თუ ბაალია ღმერთი? ამ გარემოებას ისრაელში შემდეგი წინაპირობა ჰქონდა: ისრაელში იყო ხალხი, რომელიც ემსახურებოდა ბაალს და სრულიად უარყოფდა უფალს, რომელთა რიცხვს უპირველესყოვლისა მიეკუთვნებოდნენ მეფე აქაბი, მისი მეუღლე დედოფალი ეზებელი და ბაალის წინასწარმეტყველები. ამასთანვე, იყო გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ისრაელის ღმერთს ემსახურებოდნენ და სრულიად უარყოფდნენ ბაალს, რის შესახებაც თვით უფალმა აუწყა და ანუგეშა ებრაელთა განდგომით დამწუხრებულ ელიას: “და დაუტეო ჩემდა ისრაჱლისაგან შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთავე მათ, რომელთა არა შეუდრკიან მუჴლნი მათნი ბაალისა და ყოველი პირი, რომელმან არა თაყუანი-სცეს მას” (3 მეფ. 19:18). მაგრამ ისრაელში იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლთაც ჯერაც ვერ გადაეწყვიტათ თუ ვისთვის ემსახურად და ყოყმანობდნენ. აზრთა სხავდასხვაობაა აბნევდა მრავალ ადამიანს: ქვეყნის მეფე-დედოფალი ბაალს ემსახურებოდა; მათი წინაპრები კი უფალს სწირავდნენ. მრავალი ებრაელი გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფებოდა და აღარ შეეძლო გაეკეთებინა საბოლოო არჩევანი, თუ ვინ იყო მართალი, და ვინ მტყუანი. ამგვარად ისინი ყოყმანობდნენ ამ ორ პოზიციას შორის. მეორემხრივ, აღსანიშნავია, რომ ელია ებრაელ ხალხს არწმუნებს, რომ ამგვარი გაურკვევლობა სრული უგუნურებაა: “ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა?” და შემდეგ მოუწოდებს მათ გააკეთონ არჩევანი: უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა”. ამდენად, ელია ებრაელებს მოუწოდებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან გააკეთონ თავიანთი არჩევანი.

       II. წმინდა წერილის ამავე ეპიზოდში იკვეთება შემდეგი გარემოებაც, როდესაც ებრაელი ხალხი ელიასგან მხილებას ხვდება სრული მდუმარებით... თავიანთი გაურკვევლობის და ხანგრძლივი ყოყმანის გამო, ახლა უკვე საკუთარი სინდისისგან მხილებულ ებრაელ ხალხს აღარაფერი ჰქონდა ელიასადმი, ამ დიდი წმინდანისადმი საპასუხო! ”...და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ”… გვამცნობს წმინდა წერილი. (მსგავსი მოვლენაა აღწერილი ახალ აღთქმაშიც: “იესუ აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა. და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნდისისაგან, განვიდოდეს თითოჲ” (იოან. 8:7-9).

       ძირითადი დებულებები:

       I. რწმენასთან მიმართებაში მრავალი ადამიანი დღესაც რჩება უაღრესად გაურკვეველ მდგომარეობაში. მრავალნი ადამიანი, რომელიც უკვე მონათლულია და გარეგნულად ქრისტიანულად იქცევა – სინამდვილეში იმ ორ პოზიციას შორის რჩება. ისინი ჯერაც ვერ მივიდნენ იმის საბოლოო გაცნობიერებამდე, არიან თუ არა ისინი (ჭეშმარიტი) ქრისტიანები. ბევრ მათგანს ბავშვობიდანვე შთაუნერგეს ზოგადი ქრისტიანული დებულებები; ისინი კითხულობენ ბიბლიას და ისმენენ ქადაგებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმც ვერ გადაუწყვეტიათ სრულად მიიღონ ქრისტიანობა თუ არა. ბევრი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება ამგვარ გაურკვევლობაში. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ მიდიან საბოლოო გადაწყვეტილებამდე და ვერ აღიარებენ არის თუ არა ჭეშმარიტება რწმენაში. ბავშვობიდან მოყოლებული მათ მრავალი რამ გაუგიათ რწმენაზე, მაგრამ არ მისულან იმის აღიარებამდე, არის თუ არა ყოველივე ეს ნამდვილი, თუ გამოგონილია. ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანის ქრისტიანად მოქცევა რეალურად შეუძლებელია. მათ სხვადასხვა ამბები გაუგონიათ ახლადმოქცეულ ადამიანებზე, თუმც შინაგანად, თავიანთ აზრებში ვერ გადაწყვიტეს ყოველივე ეს ფარისევლობა და თაღლითობაა თუ არა. ზოგიერთი ადამიანი საერთოდ ვერ მიდის იმის აღიარებამდე, არის თუ არა წმინდა წერილი ღვთის სიტყვა, თუ ის ადამიანთა გამოგონილია. ასევე, მოძღვრება იესო ქრისტეს შესახებ რეალურია თუ ზღაპრული. ხშირად ამგვარი ადამიანები დაფიქრდებიან და თითქოს შიშობენ კიდეც, რომ ყოველივე ჭეშმარიტია, თუმც ასევე ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ ბიბლიას. როდესაც ამგვარ ადამიანებს ესმით არგუმენტები ბიბლიის ჭეშმარიტების შესახებ – ისინი აღიარებენ მის სინამდვილეს. მაგრამ უარმყოფელი არგუმენტების მოსმენისას მსწრაფლ ცდუნდებიან და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ წმინდა წერილის ჭეშმარიტებას. ამდენად, ეს ადამიანები მუდმივ ყოყმანში იმყოფებიან. დაახლოებით ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდა მრავალი ებრაელიც, რომლებიც ქრისტეს დროს ცხოვრობდნენ. ისინი დაბნეულები იყვნენ და აღარ იცოდნენ, თუ ვინ და რად ეღიარებინათ ქრისტე: ელია წინასწარმეტყველად, რომელიმე ძველ წინასწარმეტყველად თუ უბრალოდ მატყუარად. “გარე მოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად. მიუგო იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწამს” (იოან. 10:24-25). ჭეშმარიტი რწმენა ნიშნავს არა მხოლოდ თეორიულ აზროვნებას, არამედ პრაქტიკულ ქმედებას. სახარებაში სწერია: “სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი” (იაკ.2:17). ამ გარემოების გამო მრავალი ადამიანი ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულა და შესაბამისად ვერ შეისისხლხორცა ქრისტიანობა მთელი თავისი ცნობიერებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი მხოლოდ სიკვდილის მოახლოებისას ხდება რელიგიური, რადგან არავის არ უნდა ჯოჯოხეთში მოხვედრა. თუმც, ამ შემთხვევაშიც ისინი გარკვეულ დისტანციაზე რჩებიან. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც აგრძელებენ თავიან ჩვეულებრივ ყოფას და არ ილტვიან სრული მონდომებით იღვაწონ ხსნისთვის. ისინი თავს ინუგეშებენ იმით, რომ ხსნას უფლისგან მაინც მიიღებენ და ამდენად, თავიანთი ამქვეყნიური საქმეებით უფრო მეტად არიან გატაცებულნი. ზოგიერთი ადამიანი აცნობიერებს, რომ კეთილი საქმეების გადადება არაა კარგი საქციელი; რომ უნდა გაააკეთონ ის, რისი შესაძლებლობაც გააჩნიათ; რომ უდარდელი ცხოვრებით ადამიანი ხსნას ვერ მოიპოვებს. ისინი დიდად მონდომებულნიც კი ჩანან, თუმც მალევე მარცხდებიან, რადგან ამის საჭიროებაში ისინი არა არიან სრულად დარწმუნებულნი. ბევრი ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა გზა აირჩიოს თავის ცხოვრებაში. უფალი მხოლოდ ორ გზას სთავაზობს ადამიანებს: ერთია ამქვეყნიური ცხოვრება სიამოვნებებში და ცოდვათა ნაყოფში, რაც განაპირობებს მარადიულ სატანჯველს; მეორეა სასუფეველი და მარადიული ნეტარება, რაც მოიპოვება თავდადებული ცხოვრებით და უფლის მცნებათა აღსრულებით. ზოგიერთი ადამიანი, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ვერ ახერხებს ჩამოყალიბებას, თუ რომელი გზა აირჩიოს. ადამიანმა კი უსათუოდ უნდა გააკეთოს არჩევანი და გაჰყვეს მხოლოდ ერთ გზას; ორივეს გაყოლა შეუძლებელია. ზოგიერთს, ამქვეყნიური სიამეებით ცხოვრებაც უნდა და სასუფეველიც. მათ ხსნის მიღებაც უნდათ და ამავდროულად ცოდვის შედეგებითაც იამებდნენ გულებს. უფალი სასუფეველს სთავაზობს მას, ვინც უარჰყო თავისი თავი და ამ წუთისოფლის ძნელბედობებით იარა ჭეშმარიტების გზაზე: ”ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე” (მათ.16:24).

        ამდენად, ის ვინც ორჭოფობს და ვერ ირჩევს თავის პოზიციას – სინამდვილეში იღებს კიდეც გადაწყვეტილებას – ესაა ცოდვა და ჯოჯოხეთი, მაგრამ ამას სათანადოდ ვერ აცნობიერებს. ამგვარი ადამიანები ვერ მიდიან საბოლოო და მკაფიო გადაწყვეტილებამდე აირჩიონ სიწმინდე და სასუფეველი ან წუთისოფელი და ჯოჯოხეთი. ისინი განაგრძობენ ორჭოფობას და ხან ერთს ფიქრობენ და ხან მეორეს. როდესაც ისინი არ აწყდებიან წინააღმდეგობებს და ცდუნებებს, და თავიანთი აზრით ჰგონიათ, რომ შეუძლიათ მოვალეობათა შესრულება ისე, რომ თავიანთ თავს არაფერი ავნონ და დიდად არ აღუდგნენ წინ ხორციელ ვნებებს – მაშინ ისინი თავიანთ წარმოსახვაში სიწმინდეს და სასუფეველს ემხრობიან. მაგრამ თუ კი რაიმე დაბრკოლება და ცდუნება შეხვდებათ, ან ამქვეყნიური სარგებლის და სიამოვნებათა მიღებას რაიმე დაემუქრება – მაშინ ისინი გვერდზე სდებენ სიწმინდესაც და სასუფეველზე ფიქრსაც. ჩვენს შორის მრავალი ისეთი ადამიანი დადის, რომელთა ცხოვრებაშიც ამ გზებმა ასობით გადაკვეთეს ერთმანეთი. თუმც, ისინი ჯერაც ვერ იღებენ ცალსახა გადაწყვეტილებას – რადიკალურ პოზიციას – მკვიდრად გაუყვნენ გზას, რომელსაც მივყავართ სასუფევლისკენ, ან აირჩიონ ცოდვის გზა, რომლის ბოლოც არის ჯოჯოხეთი. როგორც წმ. ელიამ მოუწოდა თავის დროს ებრაელებს – ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ავირჩიოთ ან უფალი, ან ბაალი; ან მარადიული ნეტარება, ან მარადიული სატანჯველი; ან სამოთხე, ან ჯოჯოხეთი. სხვა არჩევანი არ არსებობს. რა თქმა უნდა არის ძალზედ მცირე რაოდენობა ადამიანებისა, რომლებმაც აიღეს თავიანთ თავზე ვალდებულება ემსახურონ ღმერთს. მათ მიიღეს მტკიცე გადაწყვეტილება და მთელი თავიანთი ცნობიერებით მოემზადნენ ყველგან და ყოველთვის გაუყვნენ ქრისტეს, მიუხედავად იმისა, თუ რა წინააღმდეგობები შეხვდებათ მათ ამ გზაზე. მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც ჯერაც არ მიუღიათ გადაწყვეტილება – რეალურად უკვე ემსახურებიან ბოროტებას. თუმც, ამგვარი დასკვნის გაკეთება მათ გარკვეულწილად აშინებთ. ამგვარად, ბევრი ადამიანი ცხოვრობს უმთავრესი გადაწყვეტილების მიუღებლად, თუმც, პრაქტიკულად მათ უკვე აქვთ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურონ სატანას. სწორედ ამგვარ ადამიანებზე საუბრობს წმ. იაკობ მოციქული: “კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა” (იაკ.1:8).

       II. რწმენაში გაურკვევლობა უგუნურებაა ქვემოთმოყვანილ გარემეობათა გამო: პირველი: სამყაროში არსებული ყველა სხვა მოვლენიდან, ადამიანი რწმენის საკითხებში ყველაზე მეტად არის დაინტერესებული. ყველაზე მეტ ვნებათაღელვას იწვევს ღმერთის არსებობის საკითხი. შემდგომ, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, არის თუ არა წმინდა წერილი ღვთის სიტყვა, და არის თუ არა ქრისტე ღვთის ძე. ამდენად, ჭეშმარიტების და სიცრუის გარკვევა ჩვენი უდიდესი ვალდებულებაა. ის, ვინც ჭოჭმანობს რწმენის ჭეშმარიტებაში, არ სწავლობს და არ იკვლევს ყოველივეს გულდასმით - ძლიერ უგუნურად უქცევა. ასეთი ადამიანები თავს იქცევენ უაღრესად უმნიშვნელო გატაცებებით და ისე იქცევიან, თითქოს მათ სრულიად არ ადარდებთ მომავალი და მარადისობა. მიუხედავათ იმისა მორწმუნეა ადამიანი თუ არა, ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულია გამოიკვლიოს იგი. ამდენად, არცერთი ბრძენი (გონიერი ადამიანი) არ უნდა დამშვიდდეს მანამ, ვიდრე სრულიად არ გაერკვევა ასეთ საჭირბოროტო ვითარებაში. და მართლაც, თუ კი არსებობს იმგვარი მომავალი, როგორიც წმინდა წერილშია აღწერილი, მაშინ ჩვენ უსათუოდ უნდა გვქონდეს მასში ადგილი: ან სასუფეველში მარადიულ ნეტარებაში, ან ჯოჯოხეთში საშინელ სატანჯველში. ამდენად, ჩვენი მომავლისადმი განურჩეველი და გულგრილი ვერანაირად ვერ ვიქნებით. ეს ხომ არ ეხება რამოდენიმე დღეს თუ წელს, არამედ მარადისობას. ამდენად, გაურკვევლობა სრული სიშმაგე და უგუნურება. შესაბამისად, ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში არანაირად არ უნდა დავრჩეთ გულგრილნი და გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ თუ ვის ვემსახურებით – ღმერთს, თუ მამონას; მარადიულს თუ დროებითს; ავირჩევთ და გავყვებით უფლის მცნებებს, თუ ვიცხოვრებთ განცხრომით და უდარდელად. მაშასადამე, ჩვენ აუცილებლად ვალდებულნი ვართ გავაკეთოთ არჩევანი. მეორე: ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა გონიერ არსებებად; ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, უფალმა ჩვენ მოგვანიჭა უნარი რწმენის ჭეშმარიტების გამოკვლევისა. ღვთის მადლით, ყოველივე ეს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია მოქცეული. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ რა და როგორი ცხოვრებით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში. ღმერთმა ისეთი ცნობიერება მოგვანიჭა, რომ ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ცუდი და კარგი; შეგვიძლია ავირჩიოთ ან თავდადებული ცხოვრება და შემდგომ მარადიული ნეტარება, ან ამყვეყნიურ ცოდვებში ჩაფლობა და შემდგომ ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა. საოცარია, მაგრამ ეს საკითხი ჩვენი ცნობიერებისთვის სრულიადაც არ არის რთული გადასაწყვეტი; ბავშვის გონებაც კი სავსებით საკმარისია გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამდენად, თუ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ჯერაც ვერ გარკვეულა რწმენის საკითხებში, მაშინ ის იქცევა ისე, “ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა” (ფსალ. 31:9).

       მესამე: ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა თავისუფალი არჩევნის მიღების უფლება. საკუთარი ინტერესების განსაზღვრისას კი რა უნდა იყოს იმაზე მეტი ბედნიერება, ვიდრე თავისუფალი არჩევანი? უფალი ამბობს: “მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა. გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი” (2 სჯულ. 30:19); “რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით” (ეზეკ. 18:32); “ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი. მოქცევით მოიქეცით ჩემდამო გზისაგან თქუენისა ბოროტისა”. ამდენად, ჩვენივე საკუთარი მომავლისთვის რა უნდა იყოს იმაზე მეტად უკეთესი, ვიდრე მარადიული ცხოვრება და ნეტარება, რაც განგვიმზადა უფალმა? სავსებით თვალსაჩინოა, რომ ისინი, ვინც არ, ან ვერ აკეთებენ ამგვარ არჩევანს – უაღრესად უგუნურად იქცევიან, რადგან უარყოფენ და უგულებელყოფენ ასეთ დიადსა და ნათელ მომავალს.

       მეოთხე: ჩვენ არ გვაქვს მრავალი არჩევანი, არამედ სულ ორი: სიცოცხლე ან სიკვდილი; კურთხევა ან წყევა; ნეტარება ან ტანჯვა. მეტ-ნაკლები მსგავსების მრავალი არჩევანი რომ ყოფილიყო ჩვენს წინაშე, მაშინ ჩვენს ხანგრძლივ ორჭოფობას, შესაძლოა, ჰქონოდა კიდეც რაიმე განმართლება. მაგრამ, რადგან არჩევანი მხოლოდ ორ მდგომარეობიდან ერთ-ერთზე კეთდება, ჩვენი ორჭოფობა გაუმართლებელი და უგუნურია. ორი შესაძლო მდგომარეობიდან, ჩვენი ხვედრი იქნება მხოლოდ ერთი და მარადიული. ისევ და ისევ, ჩვენ წინ გადაშლილია ორად ორი გზა: სიწმინდის და ცოდვის; ბუნებრივი და დამახინჯებული. ჩვენ უნდა ვემსახუროთ ან უფალს, ან ეშმაკს. სიცოცხლისკენ მიმავალი გზა ვიწროა, ხოლო ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა – ფართო. ჩვენ, მზის ნათლის ქვეშ მცხოვრებთ, ყოველივე ეს ძალზედ გასაგებად გვაქვს მოცემული სახარებაში. ამდენად, ხანგრძლივი ორჭოფობა – დიდი უგუნურებაა.

       მეხუთე: უფალმა ჩვენ ყველანაირი დახმარება გაგვიწია. უფლის წყალობით ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, არსებობს თუ არა ღმერთი, ნამდვილია თუ არა სახარება, არის თუ არა მარადისობა და ა.შ. ჩვენ არა ვართ ბნელში, როგორც საბრალო წარმართები; ჩვენ, ჭეშმარიტების შემეცნებაში განუზომლდ დიდი უპირატესობა გაგვაჩნია, თუმც, არც წარმართთათვის არ არის ეს შეუძლებელი, რადგან სახარება გვასწავლის: “უკუეთუმცა ვინ ეძიებდა უფალსა, პოამცა იგი, და რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით” (საქ. 17:27). ჩვენს წინაშე კი სახარებაა გადაშლილი და თუ მოვინდომებთ, განვიცდით კიდეც მის ძალას და უტყუარობას. გონიერი გადაწყვეტილების მიღებისთვის ჩვენ მართლაც დიდი დახმარება გვაქვს უფლისგან. ჩვენ ძალზედ გონივრული გადაწყვეტილების მიღება შეგვიძლია, ცოდვილი ცხოვრება სჯობია თუ წმინდა ცხოვრება; უფლის სამსახური სჯობია თუ ბაალის. ორივე რეალობა ძალზედ ნათლად გვაქვს განმარტებული: რას მოვიპოვებთ, ან რას დავკარგავთ. უფალმა იესო ქრისტემ ჩვენ ნათლად წარმოგვიჩინა, თუ რას მივიღებთ, მისი გზით თუ ვივლით. მაცხოვარი ჩვენ ცბიერად არ მოგვექცა. უფლის აღთქმაში არაფერია არც გადამეტებული და არც დაკლებული. ქრისტე ამბობს: “სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ” (იოან. 14:2). უფალმა ჩვენ ყოველივე გულწრფელად გვითხრა და განგვიმარტა: “რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა” (ლუკ. 14:27), რამეთუ: ”მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ” - ამბობს უფალი (იოან. 14:6). მაგრამ უფლის გზაზე სვლა ძნელია. ამდენად, ჩვენ თავიდანვე ყოველი სირთულე კარგად უნდა გავაცნობიეროთ და ავწონ-დავწონოთ. ქრისტე გვმოძღვრავს: “ვის-მე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არა-მეა პირველად დაჯდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაჲთა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე”. რა უგუნურებაა, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ყოველივე ამის შემდეგ, მაინც ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ვერ აცნობიერებს, თუ რატომ უნდა იყოს ქრისტიანი, და ვის ემსახუროს - ბოროტს თუ უფალს; ღვთის სიტყვა და ქადაგებანი მათ ხომ მრავალი წლის განმავლობაში ესმით?! ამდენად, ყოველივე ამის უგულებელყოფა – დიდი უგუნურებაა.

       მეექვსე: ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ არჩევნის მისაღებად მომავალში რაიმე მეტად ხელსაყრელი გარემოებები გვექნება; სახარებისეულ ჭეშმარიტებათა უკეთესი გამოცხადება ჩვენ აღარ გვექნება. ჩვენ არ გვექნება არც უკეთესი, და არც უარესი განმარტებანი ამ ორი გზისა და არჩევანისა, რაც უკვე არის ძალზედ ნათლად მოცემული წმინდა წერილში. ამდენად, ის ვინც აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, ნამდვილად ვერაფერს იგებს; პირიქით, თავისი ქმედებით მეტ შესაძლებლობას აძლევს სატანას დაუბნელოს მას გონება, შეაცდინოს და გადაწყვეტილების მიღებაში მაქსიმალურად შეუშალოს ხელი. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება და ხანგრძლივი ორჭოფი – უგუნური საქციელია.



       მეშვიდე: თუ ადამიანი ვერ მივა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, მაშინ თავათ უფალი გადაწყვეტს და განაწესებს მას არამართალთა გვერდით. ისეთი შესაძლებლობა რომ არსებობდეს, გავწელოთ ამ უმთავრესი არჩევნის – სიცოცხლის ან სიკვდილის, სამოთხის ან ჯოჯოხეთის მიღების დრო ჩვენი სურვილისამებრ, ანუ იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ საბოლოოდ მივიღებდით რაიმე გადაწყვეტილებას, მაშინ დაყოვნებას არ ექნებოდა ესოდენ დიდი მნიშვნელობა. მაგრამ საქმე ამგვარად არაა; ღმერთი ვერ დაგველოდება ჩვენ მარადიულად. გადაწყვეტილება ცხოვრებაშივე უნდა მივიღოთ და თან რაც შეიძლება სწრაფად; რადგან, მალე თავათ უფალი გადაწყვეტს ყოველივეს და ასეთ ადამიანებს სამუდამო ტანჯვას მიუსჯის ცეცხლოვან ტბაში.

       მერვე: დაგვიანება და დროის გაწელვა უგუნურებაა, რადგან ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენ ხანს მოგვეცემა ამის შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა კი გრძელდება მხოლოდ ცხოვრების ბოლომდე. როდესაც დასრულდება ცხოვრება - ჩვენ უკვე აღარ გვექნება არჩევნის გაკეთების საშუალება. ჩვენა ახლა დამოკიდებული ვიქნებით ახლობელთა ლოცვაზე, რადგან ვიცით, რომ გულითად ლოცვას ჯოჯოხეთიდანაც კი შეუძლია ამოიყვანოს სული. თუმც, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთვის შესაძლოა ისევე ილოცონ, როგორც ჩვენ თვითონ ვლოცულობთ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისთვის. ამდენად, უგუნური ადამიანი თავს ნამდვილად უმძიმეს მდგომარეობაში იგდებს…

       მეცხრე: ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას ორჭოფობდნენ და არ იღებდნენ გადაწყვეტილებას - იმ ქვეყანს უკვე ძლიერ ისურვებდნენ გამოასწორონ ეს შეცდომა. ისინი უკვე აღარ იყოყმანებდნენ, თუ ვინ და რომელი მხარე აირჩიონ და ყოველივეს ნათლად გააცნობიერებდნენ, თუ რა აჯობებდა ცხოვრებაში – მორჩილება და თავდადება, და დაპირებული სასუფეველი, თუ ამპარტავნება და ვნება, რაც ჯოჯოხეთით ისჯება. დიახ, მაშინ ეს ადამიანები ნამდვილად აღარ იყოყმანებდნენ, თუმც უკვე გვიანი იქნება. გადაწყვეტილების და არჩევნის საშუალება აღარ ექნებათ. ისინი მთელ თავიანთ ცხოვრებას დასთმობდნენ კიდევ ერთი შანსისთვის, მაგრამ ყოველივე ძალზედ გვიანი იქნება...

       ბოლოსიტყვაობა

       მოდით ყველამ გამოვცადოთ საკუთარი თავი; სრულად ვაცნობიერებთ თუ არა ჩვენ დამოკიდებულებას რწმენისადმი? პირველ რიგში, აცნობიერებთ და აფასებთ თუ არა რელიგიურ ჭეშმარიტებებს? გწამთ თუ არა მომავალი მარადიული ცხოვრების? თუ ამ კითხვაზე ჯერ ვერ სცემთ პასუხს? უფალი ამბობს: “რამეთუ მე მოვდრიკენ ცანი და გარდამოვხედ ნათესავისთვის კაცთაისა და საშოი ქალწულისაი დავიმკვიდრე, რაითა გარდასლვაი იგი მცნებისაი, რომელი იქმნა სამოთხეს შინა, აღეხოცო. თავი თვისი დავიმდაბლე, რაითა თქუენ აღგამაღლნე”. უფალი იესო ქრისტეს წუთისოფელში შემოსვლა და განკაცება ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად ჭეშმარიტებათ მიგაჩნიათ თუ მხოლოდ იგავად?
        1. თუ რელიგიურ ჭეშმარიტებების თქვენს მიერ აღიარების მიზეზია ის, რომ მრავალ ადამიანს სწამს ქრისტესი ან თქვენ ბავშვობაში შთაგინერგეს რელიგიურობა, მაშინ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ საბოლოოდ გარკვეული რწმენაში. ტრადიცია ან განათლება ვერასდროს ვერ დაარწმუნებს ადამიანს რწმენის ჭეშმარიტებაში. ადამიანი, რომელიც რელიგიურია და თითქოს ღებულობს რელიგიურ ჭეშმარიტებებს და არც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ – მიუხედავად ამისა, მისი რწმენა მაინც არ არის მკვიდრი. ცდუნებას შეუძლია მისი შერყევა. ამგვარ საფუძველზე არსებული რწმენა გამოცდებს ვერ გაუძლებს. მრავალი ადამიანი გარეგნულად აღიარებს რელიგიურ ჭეშმარიტებებს, რაშიც უმთავრესი განმაპირობებლი ფაქტორია მათ წინაპართა რწმენა, ისევე როგორც მათ უახლოეს ადამიანთა რელიგიურობა. მათში რწმენა პატივცემულია. მათ აქვთ რიდიც. ამგვარად ცხოვრობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც თავს კარგ ქრისტიანებად მიიჩნევენ. მიუხედავათ ამისა, რწმენის ჭეშმარიტების კრიტიკულად განხილვისას ისინი ორ პოზიციას შორის იყოყმანებენ და არ ექნებათ უნარი დაამტკიცონ თავიანთი ცალსახა დამოკიდებულება ქრისტესადმი და მისი სწავლებისადმი მთლიანად.
        2. თუ თქვენ სრულად ხართ დარწმუნებული რწმენის ჭეშმარიტებაში, მაშინ ის ყველაზე მეტად მნიშვნელოვადი და ფასეული იქნება თქვენს ცხოვრებაში. ქრისტიანული სწავლება სამყაროში ნებისმიერ სხვა მოვლენაზე მეტად გავლენიანი იქნება თქვენთვის. რადგან, სწავლებაში აღწერილი მოვლენები იმდენად დიადია, რომ გადასწონის ნებისიერ ამქვეყნიურ, დროებით საგანს. ის ვინც სრულად დარწმუნებულია და სწამს სასუფევლის და ჯოჯოხეთის, და საშინელ სამსჯავროზე უფალი-მოსამართლის წინაშე წარსდგომის გარდაუვლობა; ასევე მარადიული ნეტარების და მარადიული ტანჯვის რეალობა, როგორც წმინდა წერილშია აღწერილი და უფლის სიწმინდე, სამართლიანობა და მოშურნეობა – მაშინ ასეთი ადამიანი მართლაც რომ ყველაზე მეტად იქნება დაინტერესებული მარადიული ტანჯვის აცილებაში და სანაცვლოდ, ღვთის წყალობის მიღებაში; ვნებათა დაცხრომაში, ახლობელთა პატივისცემაში და ეკლესიის მსახურში. ამგვარი ადამიანი აღარ იფიქრებს რა ჭამოს, ან რა სვას, არამედ მთლიანად იქნება მიმართული ღვთის სასუფევლის დამკვიდრებისკენ. გამოსცადეთ საკუთარი თავი: თქვენი გული ამქვეყნიურ საქმეებისკენ გიცემთ უფრო თუ სასუფევლისკენ მოპოვებისკენ? გამოიკვლიეთ, თქვენი დადებითი განწყობა რწმენისადმი მოიცავს თუ არა პრაქტიკულ ქმედებებსაც? აირჩიეთ თუ არა თქვენ სასუფევლის გზაზე მორჩილება და საკუთარი თავის უარყოფა? მოუკვდით თუ არა თქვენ ცოდვას? სრულად დაუთმეთ თავი უფლის სამსახურს თუ არა?

       საბოლოო არჩევნის გაკეთებისას ორჭოფობა შემდეგი გარემოებებით შეიძლება დახასიათდეს:
       1. კეთილ საქმეთა კეთების ვალდებულების სხვა დროისთვის გადადება, ანუ როდესაც ადამიანი ცდილობს თავის მოვალეობას გარკვეულ დისტანციაზე უყუროს და ფიქრობს, რომ ამისთვის უკეთეს დროს შეარჩევს მომავალში. როდესაც ადამიანი კარგად გეგმავს ხვალიდნელ დღეს, თუმც ცუდათ ასრულებს დღევანდელ საქმეებს და ფელიქსის მსგავსად ამბობს ” აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ” (საქ. 24:25). ყოველივე ეს მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ადამიანმა ჯერაც ვერ გადაწყვიტა პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრება; როგორც წმ. იაკობ მოციქული გვიცხადებს “სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი” (იაკ.2:17). მათ, ვინც სრულად გააცნობიერეს, რომ რწმენაში კეთილი საქმეები აუცილებელია – არასდროს გადადებენ მათ აღსრულებას და დაუყოვნებლივ იმოქმედებენ.
        2. ყოყმანის კიდევ ერთი გამოვლენაა, როდესაც ადამიანი თანმიმდევრულია მხოლოდ ზოგიერთ საკითხში, მაგრამ არა ზოგად ქრისტიანულ მორჩილებაში; აღასრულებს ზოგიერთ საქმეს, თუმც უგულებელყოფს სხვებს; საზოგადო, ისევე როგორც კერძო ცხოვრებაში ასრულებს თავის მოვალეობებს, მაგრამ მოყვასის მსახურებას უგულებელყოფს; არ არის მართალი თავის ქმედებებში და ისე არ ექცევა თავის გარშემომყოფთ, როგორც ამას ხვდება და გრძნობს. ასეთი ადამიანები მრუდე და დახლართული გზებით დადიან წუთისოფელში. იგივე შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ გარშემომყოფთ კარგად ექცევიან, თუმც საკუთარ ქმედებებში არ არიან თანმიმდევრულები, მაგ. აქვთ გადამეტებული მგრძნობელობითი მადა, ბევრს სვამენ და უფლებას აძლევენ საკუთარ თავს გაერთონ უაზრო გატაცებებით, ბოროტსიტყვაობენ და განიკითხავენ. როგორც წმ. მოციქული პავლე გვეუბნება: “ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად”.
        3. რწმენაში გაურკვევლობის კიდევ ერთი ნიშანი არის დამოკიდებულების ცვალებადობა; ადამიანი ხშირად აქტიურად არის ჩაბმული კეთილ საქმეთა კეთებაში, თუმც ხშირადვე გულს იცრუებს და ატოვებს. ეს გვიჩვენებს, რომ ადამიანი არ არის საბოლოოდ გარკვეული რწმენაში და მერყეობს ორ პოზიციას შორის. როგორც წმ. იაკობ მოციქული მოგვიწოდებს “ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას. ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა” (იაკ. 1:6-8). თუ ადამიანი ღრმად არის დარწმუნებული სწავლების ჭეშმარიტებაში, მაშინ ის ყოველთვის თანმიმდევრული და ბეჯითი იქნება თავის ქმედებებში.
        4. რწმენაში გაურკვევლობის კიდევ ერთი ნიშანია, როდესაც ადამიანი ატოვებს თავის მოვალეობებს გარკვეული სირთულეების წარმოშობისას. სულიერი და ხორციელი გზების გადაკვეთაზე გამოჩნდება, როგორი მოშურნეობით იღწვის ადამიანი და ზოგადად რა საფუძველი აქვს მის რწმენას. სრული დარწმუნების გარეშე ადამიანი ვერ გააცნობიერებს სასუფევლისკენ მიმავალ გზას და ვერ გახდება მეფე აგრიპაზე უკეთესი, რომელიც წმ. პავლეს სწავლებამ თითქმის დაარწმუნა ქრისტიანობაში… (საქ. 26:28). ამგავრად, ასეთი ადამიანი ემსგავსება კლდოვან მიწაზე დავარდნილ თესლს, რომელმაც ვერ გაიკეთა ფესვები და გახმა (მათ. 13:5). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოდით ნუღარ ვიყოყმანებთ და გავწელავთ დროს გადაწყვეტილების მიღებაში. მოდით დაუყოვნებლივ მივიღოთ გადაწყვეტილება ვიყოთ ქრისტიანნი თუ არა. გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მივიღოთ; საბოლოოდ ჩვენ ან კეთილი საქმეებით სასუფეველს დავიმკვიდრებთ, ან ამქვეყნიური გატაცებებით - ჯოჯოხეთს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ძალზედ ნათელია, რომ ასეთ უსასრულოდ მნიშვნელოვან სახითხებში გაურკვევლობა ნამდვილად უგუნურებაა. არჩევანისთვის კი დრო საკმაოდ მოკლეა. ამასთანვე, კიდევ ორი გარემოებაა გასათვალისწინებელი. პირველი: ადამიანები, რომლებიც ახლოს დგანან წმინდა წერილთან, მაგრამ ჯერაც ვერ გარკვეულან – წარმართებზე უფრო მეტად საძულველნი არიან ღვთისთვის, რადგან წლების განმავლობაში ესმოდათ ღვთის სიტყვა, ქადაგებები, მცნებები, თუმც ამაოდ; საბოლოო გადაწყვეტილებამდე ისინი ვერ მივიდნენ. ისინი არც წარმართები არიან და არც ქრისტიანები. უფალი ასეთ ადამიანებზე ამბობს: “ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა“ (გამ. 3:16). ასევე: “ხოლო თქუენ სახლო ისრაჱლისაო, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, კაცადმან სიმარჯუენი თჳსნი მოისპენით და ამათს შემდგომად, უკუეთუ თქუენ ისმინოთ ჩემი და სახელი მისი წმიდაჲ შეაგინოთ, არღა მერმე ძღუენთაებრ თქუენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა გიყო თქუენ ” (ეზეკ. 20:39). და მეორე: თუ შენ, ადამიანო კვლავაც აგრძელებ ყოყმანს და ორჭოფობას შეუდგე თუ არა ქრისტეს, მაშინ სამართლიანი არ იქნება, რომ უფალმა აღარ მოგცეს ამის შესაძლებლობა? და თუ შენ ყოველივე იმის შემდეგ, რაც უფალმა გააკეთა შენთვის - დაგიდო წინ სიცოცხლეც და სიკვდილიც, მოგიწოდა და გაგაფრთხილა, ხოლო შენ კვლავ ვერ იღებ გადაწყვეტილებას - მაშინ სამართლიანი არ იქნება, რომ ყოვლისმპყრობელი ღმერთი ამიერიდან აღარ დაგელოდოს? და თავისი საღვთო განგებულებით განგაწესოს ცოდვილებთან და ურწმუნოებთან მარადიულ სატანჯველში? რა დროსაც თქვენ ამ გამოუსწორებელი, მწუხარე და ფატალური გამოცდილებით კარგად შეიმეცნებთ თუ რა და როგორი ყოფილა ჭეშმარიტება! თუმც უკვე ძალზედ გვიანი იქნება ნების გამოხატვა და გადაწყვეტილების მიღება. დროა ახლავე მივიღოთ გადაწყვეტილება. წმ. ელია წინაწარმეტყველის მიერ დასმული კითხვა დღესაც უაღრესად აქტუალურია...

       და კვლავაც გრგვინვით გაისმის სამყაროში უფალი ღმერთის ხმა: “მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა, რამეთუ ცხორებასა და სიკუდილსა დავსდებ თქუენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა. გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი”, “რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით”. “ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, რამეთუ არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი. მოქცევით მოიქეცით ჩემდამო გზისაგან თქუენისა ბოროტისა”.

        გლოცავ თქუენ, ძმანო, თავს-იდევით სიტყუაჲ ესე ვედრებისაჲ.
        მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.