თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონები და სამყაროს წარმოშობა

თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონები და სამყაროს წარმოშობა





თერმოდინამიკის პირველი კანონი არის ენერგიის კონსერვაციის პრინციპი. ანუ ენერგიის შექმნა ან განადგურება შეუძლებელია. უთვალავი ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებამ დაადგინა, რომ ენერგიის რაოდენობა ნებისმიერი ექსპერიმენტის დასაწყისში უდრის ენერგიის რაოდენობას ექსპერიმენტის ბოლოში. ანალოგიურად, მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაადგინეს მატერიის კონსერვაცია. თუმც, ჩვენ ვიცით, რომ მატერია ენერგიის ფორმაა, როგორც ეს გამოჩნდა აინშტაინის ექვივალენტობის განტოლებით E = mc2, სადაც E არის ენერგია, m არის მასა და c არის სინათლის სიჩქარე. აბსოლუტურად სწორი ვიქნებით, თუ ვისაუბრებთ მასის და ენერგიის კონსერვაციის პრინციპზე. მაგრამ თუ ჩვენ შემოვიფარგლებით იმ პროცესებით, რომლებიც არ გულისხმობენ მატერიასა და ენერგიას შორის გარდაქმნას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ენერგიის კონსერვაცია და მატერიის კონსერვაცია, როგორც თერმოდინამიკის პირველი კანონის განსხვავებული გამოვლინება.

თერმოდინამიკის მეორე კანონი განსხვავებულია. მასში ნათქვამია, რომ ენერგიის კონსერვაციისას, ენერგია დროთა განმავლობაში ხდება ნაკლებად სასარგებლო. ის, რაც ენერგიას გამოსადეგს ხდის არის განსხვავება ან გრადიენტი, რომელიც არსებობს ენერგიას შორის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ენერგიის გრადიენტი ძრავების მუშაობისთვის, ისევე როგორც ბიოლოგიური სისტემები იყენებენ ენერგიის გრადიენტებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

ენერგიის გრადიენტების შემცირება დროთა განმავლობაში ბუნებრივი ტენდენციაა, ასე რომ ენერგია ნაკლებად გამოსადეგი ხდება. ფიზიკოსები განსაზღვრავენ ენტროპიას იმის გასაზომად, თუ რამდენად ნაკლებად სასარგებლოა ენერგია. ამრიგად, მეტი ენტროპია შეესაბამება ნაკლებად სასარგებლო ენერგიას. თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად, სამყაროს ენტროპია დროთა განმავლობაში უნდა გაიზარდოს.

თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონები საყოველთაოდ აღიარებულია და ფართოდ გამოიყენება მეცნიერებაში. რასაკვირველია, ამ ორ კანონს შორის წინააღმდეგობა და რაიმე პრობლემა არ არსებობს, მაგრამ თუ მათ წარსულში გადავიტანთ, გასაოცარ დასკვნას მივიღებთ.

თუ თერმოდინამიკის პირველი კანონი ჭეშმარიტია, მაშინ სამყარო მარადიულად უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოდესღაც წარსულში ენერგია სპონტანურად უნდა გაჩენილიყო, როდესაც არაფერი არ არსებობდა. მაგრამ ეს უკვე არღვევს თერმოდინამიკის პირველ კანონს.

ამრიგად, თერმოდინამიკის პირველი კანონი მოითხოვს სამყაროს მარადიულობას. რა მოხდება, თუ თერმოდინამიკის მეორე კანონის ექსტრაპოლაციას მოვახდენთ წარსულში? სამყარო რომ მარადიული ყოფილიყო, საკმარისზე მეტი დრო იქნებოდა, რომ სამყაროს უკვე მიეღწია ენტროპიის მაქსიმალური მდგომარეობისთვის, რა დროსაც მასში აღარ იქნებოდა სასარგებლო ენერგია. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სითბური ძრავები და ბიოლოგიური სისტემები აქტიურად მოქმედებენ - თვალნათლივ, ცხადყოფს, რომ სამყარო შორს არის მაქსიმალური ენტროპიული მდგომარეობისგან. მაშასადამე, სამყარო არ შეიძლება იყოს მარადიული და, შესაბამისად, სამყაროს უნდა ჰქონდეს დასაწყისი წარსულში.

წინააღმდეგობის გადაწყვეტა

ყოველივე ზემოთქმული იწვევს წინააღმდეგობას: თერმოდინამიკის პირველი კანონი მოითხოვს სამყაროს მარადიულობას, ხოლო თერმოდინამიკის მეორე კანონიდან გამომდინარე, სამყაროს ვერ იქნება მარადიული... მეცნიერებაში ორივე კანონი არის ფუნდამენტური და ხელშეუხებელი, ასე რომ არ არსებობს ვარიანტი, რომ ერთ-ერთი კანონი ემორჩილებოდეს მეორეს. შეიძლება ვივარაუდოთ ჰიპოთეზა, რომ წარსულში, ერთ-ერთი ამ ორი კანონთაგან არ მოქმედებდა, მაგრამ ეს იქნებოდა გადახვევა იმ გზიდან, რომლითაც, როგორც ცნობილია, მოქმედებს ბუნებრივი სამყარო. დღევანდელი ფიზიკური სამყარო ამ ორ კანონზეა დამყარებული, ამდენად, წარსულში მომხდარი ნებისმიერი გადახვევა იმისგან, თუ როგორ მუშაობს სამყარო ახლა აწმყოში, იქნებოდა არაფიზიკური ოპერაცია. არაფიზიკური შეგვიძლია განვსაზღვროთ მეორე სიტყვითაც - მეტაფიზიკური. არ არსებობს ფიზიკური მექანიზმი, რომლითაც ფიზიკური პროცესები მოულოდნელად შეიცვლება. ფაქტობრივად, ასეთი ცვლილება ძირს უთხრის ფიზიკური პროცესების ფუნდამენტურ პრინციპებს (რაც შეუძლებელს ხდის მეცნიერებას, როგორც ჩვენ ვიცით). მრავალი ფიზიკოსისთვის (ასტრონომებისა და კოსმოლოგების ჩათვლით) ეს პრობლემა ცნობილია. ნატურალიზმის ერთგულმა მეცნიერებმა სცადეს ამ პრობლემის ახსნა კვანტური რხევებით. თუმცა, ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემები. საბოლოო ჯამში, თერმოდინამიკის პირველი და მეორე კანონების განხილვას წარსულ დროში, უცილობლად მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს წარმოშობა არის მეტაფიზიკური ან სულიერი საკითხი, და არა ფიზიკური. შესაბამისად, მეცნიერების გამოყენებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამყაროს წარმოშობა არის ის საკითხი, რომელზედაც მეცნიერება მზად არ არის დამოუკიდებლად გასცეს პასუხი.

ვინაიდან მეცნიერებას არ შეუძლია განსაზღვროს, თუ საიდან გაჩნდა სამყარო, ერთადერთი თანმიმდევრული და ლოგიკური გზა არის იმის გაცნობიერება და აღიარება, რომ:

• არსებობს შემოქმედი ღმერთი.
• ღმერთი არ არის ფიზიკური სამყაროს ნაწილი.
• ღმერთი არის ტრანსცენდენტური.
• ღმერთი, რომელმაც ყველაფერი შექმნა, თვითონ არ არის შექმნილი.
ეს დასკვნა ზედმიწევნით თანხმობაშია ბიბლიასთან: “ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.“(იოანე 1: 3).

ადამიანებმა სამყაროს წარმოშობის შესწავლა უნდა დავიწყოთ ღმერთის აღიარებით.

Dr. Danny R. Faulkner, 2019