XX საუკუნის მოღვაწენი

სქემმონოზონი აბრაამი (1856 - 1965)



მცხეთის სამთავროდ წოდებული, წმ. ნინოს მონასტრის ეზოში არის ერთი საფლავი, რომელთანაც ხშირად ჩერდებიან ამ წმინდა სავანეში მოსული მომლოცველები. საფლავის წარწერა გვამცნობს, რომ აქ დაკრძალულია სქემმონოზონი აბრაამი (ჩხეტიანი), რომელმაც ამ ქვეყანად 100 წელზე მეტ ხანს იცოცხლა. ყველა საფლავს თავისი საიდუმლო აქვს, მაგრამ არის საფლავები, რომლებზეც როგორც წმინდა ადგილებზე, ღვთის მადლი განისვენებს გარდაცვლილის მართალი ცხოვრების დასტურად. სიმსუბუქე და სიხარული სუფევს ასეთ საფლავთან. ის თითქოს თავისთან უხმობს ხალხს, როგორც დაღლილ მგზავრს წყაროს ჩუხჩუხი.
      ოდესღაც მცხეთა სატახტო ქალაქი იყო, რომელსაც ქვის გალავანი ერტყა გარს და დიდებულ ბაღებში ჩაფლული სამეფო სასახლეები ამშვენებდა. ახლა მათგან ნანგრევებიც კი აღარ შემორჩა და მხოლოდ სიწმინდეები აღმართულა, როგორც კუნძულები, რომლებმაც დროის შემოტევასა და საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო. დავიწყებას მიეცა მმართველთა სიბრძნე, გმირთა თავგანწირვა, მაგრამ ადამიანთა ხსოვნამ შემოინახა მათი სახელები, ვინც თავისი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა, ვის გულშიც მოყვასისადმი სიყვარული ენთო, მათი გარდაცვალების შემდეგაც კი მათი საფლავები ანათებს და კანდელებივით სულიერ შუქს გვფენს. იმის დასტურად, რომ ისინი უხილავად ჩვენთან არიან. ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე ბერი გახლდათ სქემოსანი ბერი აბრაამი, რომელსაც მცხეთის მცხოვრებნი, ვინც იცნობდა მას, ან თავის მშობლებისგან სმენია მის შესახებ, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენებენ.
      ამ სტრიქონების ავტორს წილად ხვდა ბედნიერება რამდენჯერმე ენახა ეს მოღვაწე, უკვე ღრმად მოხუცებული, და ესაუბრა მასთან. ასეთი ადამიანები თითქოს უძველესი ჰაგიოგრაფიული გადმოცემის ცოცხალ ილუსტრაციებს წარმოადგენენ, რადგან მათ სულში თაბორის ნათელის ანარეკლი შემონახულა, რომელიც ასე კაშკაშებდა გარეჯის და თებაიდას უდაბნოებში. პირველი, რაც გაგაოცებდათ სქემმონოზონ აბრაამის ბუნებაში, ეს იყო მისი სიკეთე და უბოროტობა, თითქოს დავიწყნოდა, რომ ქვეყნად ცოდვა და ტყუილი არსებობს. ყოველ ადამიანს ის ბავშვის თვალით უყურებდა და არ ეგულებოდა მასში არც ცრუ, არც ბოროტება. ხანდაზმულობის მიუხედავად, ის საოცრად სწრაფად და მსუბუქად დადიოდა. ემსახურებოდა მღვდლებს, როგორც მნათე, ზარს რეკდა და საკურთხეველს ალაგებდა. ხშირად ეზოში რომ აანთებდა საცეცხლურს საკურთხეველში მთელი ეკლესიის გავლით, თითქმის მირბოდა, რომ დაგვიანებას მღვდელი არ შეეწუხებინა. წირვის დროს იდგა და ტიროდა, მკერდში მჯიღს იცემდა, თითქოს თავის ცოდვებთან ერთად იმათ ცოდვებსაც ინანიებდა, ვისაც მისთვის ლოცვა უთხოვია. ერთადერთი, რაშიც ურჩობას იჩენდა, ის იყო, რომ მუდამ ერთსა და იმავე ძველ, ერთიანად დაკერებულ სამოსში დადიოდა. მღვდლებს ის ძალიან უყვარდათ და ხშირად ყიდულობდნენ მისთვის ახალ სამოსს, მაგრამ ის სადღაც ქრებოდა და ბერი კვლავ ძველი კაბითა და გახუნებული სკუფიით დადიოდა. მე შევესწარი როგორ საყვედურობდა მას ერთ-ერთი მღვდელმსახური იმის გამო, რომ ახალთახალი სკუფია ვიღაცისთვის უჩუქნია და ისევ ძველით დადიოდა. ბერი აბრაამი კი ჩუმად იდგა, ყურადღებით ისმენდა და თითქოს თანხმობის ნიშნად ოდნავ თავსაც კი უკრავდა, ისეთი სახე ჰქონდა, გეგონება დანაშაულში ამხილესო, მაგრამ აშკარა იყო, რომ მომდევნო სკუფიასაც იგივე ბედი ეწეოდა და რომელიმე ღარიბი მღვდლის ან მონოზვნის თავს დაამშვენებდა. განსაცვიფრებელი იყო ბერი აბრაამის უპოვარება. მის კელიაში არაფერი იყო, ტახტის, მაგიდის და ხის სკამის გარდა. მაგიდაზე ორი თუ სამი წიგნი იდო და მეტი არაფერი. თუმცა აქვე უნდა მოვიგონო, რომ ერთხელ ამ მაგიდაზე სიგარეტ ”ყაზბეგის” კოლოფი შევნიშნე და გამიელვა ეჭვმა, რომ ბერი ეწევა. გულდამძიმებულმა ვიფიქრე, მერე რა, ბერებსაც შეიძლება ჰქონდეთ სისუსტეები, მაგრამ ამ დროს ბერმა აბრაამმა გახსნა კოლოფი და პაპიროსის ნაცვლად ნემსი და ძაფი დავინახე, რომლითაც იგი თავის ძველ კაბას კემსავდა. ბერი აბრაამის შესახებ ჩემთვის იღუმენ პიმენსაც (რასახანი) მოუყოლია, რომელიც ერისკაცობაში დურგალი იყო და ხშირად უმუშავია სვეტიცხოვლის ტაძარში. ის ამბობდა, რომ მამა აბრაამი ჩუმად ეხმარებოდა ზოგიერთ ღარიბ ოჯახს მცხეთაში, როცა ვინმე მას მოწყალებას მოაწვდიდა, ან კუთვნილ გასამრჯელოს მიიღებდა იმავე დღეს გასცემდა მას, ისე რომ არასდროს დაიტოვებდა, თუნდაც წვრილ ფულს. როცა სატრაპეზოდ ეძახდნენ, ან პანაშვიდიდან ძღვენს გადასცემდნენ, კელიაში მიჰქონდა, თავისთვის მცირეს, ძირითადად პურს იტოვებდა, დანარჩენი კი საღამოს რომელიმე ღარიბ ოჯახში მიჰქონდა. ცდილობდა რომ ეს არავის დაენახა. ჭიშკრიდან შეუმჩნევლად გამოდიოდა, უკან მალევე ბრუნდებოდა. მას განსაკუთრებით უყვარდა ლოცვა. ღამღამობით საათობით ლოცულობდა კარიბჭესთან, შემდეგ 12-ჯერ ლოცვით შემოუვლიდა სვეტიცხოველის ტაძარს, როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო. ერთხელ ზამთარში, დიდთოვლობისას, როცა ქუჩები ნამქერით იყო დაფარული, ბერი აბრაამი ჩვეულებისამებრ, ღამით გარს უვლიდა ტაძარს, უკვე ავად იყო, გული წაუვიდა და დილამდე თოვლში იწვა. დილით აიყვანეს და ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს კელიაში. არქიმანდრიტმა პართენმა (აფციაური) იგი დიდ სქემაში აღკვეცა და აბრაამ დაყუდებულის პატივსაცემად მისი სახელიმ უწოდა. ის შეიძლება ლოცვისათვის წამებულად მოვიხსენიოთ.


სქემმონოზონ აბრაამის გარდაცვალების შემდეგ სამთავროს მონასტრის დედებმა, რომლებსაც იგი მამასავით უყვარდათ, პატრიარქს კურთხევა სთხოვეს წმინდა ნინოს სავანის ეზოში პატარა სამონაზვნო სასაფლაოზე დაეკრძალათ იგი. ეს ადგილი მდიდარია სიწმინდეებით, იმის ხსოვნით, რაც ძვირფასია მორწმუნე გულისთვის. აქ ნამყოფია წმინდა ნინო, აქ არის მოციქულთასწორ მეფეთა მირიანის და ნანას საძვალე, აქ არის მღვდელმოწამე აბიბოს წმინდა ნაწილები. მონასტერში ინახება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი და ამ სულიერ საუნჯეს კიდევ ერთი მარგალიტი - სქემმონოზონ აბრაამის საფლავიც შეემატა.


      არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
      გადარჩენის საიდუმლო
      ll ნაწილი, 2006 წ.