XX საუკუნის წმინდანები

ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი



(ერისკაცობაში ლუკა პროსკურა, Лука Евсеевич Проскура; დაბ. 1868, ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთი - გარ. 1950, ჩერნიგოვო, უკრაინა). მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი. კანონიზირებულია 9/22 აგვისტოს, 1993 წ.

ღირსი ლავრენტი დაიბადა სოფელ კარილსკოეში, მართლმადიდებლური ტრადიციის ღარიბ ოჯახში. ლუკა ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო და 13 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა, შემდეგ კი მასწავლებლის თანაშემწედ მუშაობდა და თან გალობდა საეკლესიო გუნდში. 17 წლის ლუკა ათონის წმინდა მთაზე გაემგზვრა, სადაც ბერად დარჩენას აპირებდა, მაგრამ ერთ-ერთმა ათონელმა ხუცესმა მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია. ლუკა თავის მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და 1905 წლამდე მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. ჩერნიგოველი ეპისკოპოსის ანტონის კურთხევით ლუკა ჩერნიგოვოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ადგილობრივი საეკლესიო გუნდი ჩააბარეს.


საეკლესიო მოღვაწეობა

1912 წ. ლუკა ბერად აღიკვეცა და ეწოდა ლავრენტი. 1923 წ. ლავრენტი საიდუმლოდ, სქემაში აღიკვეცა. 1928 წ. კი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი. ღირსი ლავრენტის ავტორიტეტი თანდათან იზრდებოდა. მოსიყვარულე, გამჭრიახი გონების და სასწაულთმოქმედი გულთამხილავი ბერი არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ კომუნისტური რეჟიმისგან დაჩაგრულ უბრალო ადამიანებსაც ძლიერ იზიდავდა. ღირსი ლავრენტი მართლმადიდებლობის მკაცრი აღმსარებელი იყო და მასთან რჩევებისთვის მრავალი ადამიანი მიდიოდა, მათ შორის ინტელიგენციიდანაც. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ჩერნიგოვოს მონასტერი დახურა, ღირსი ლავრენტი პატარა მიყრუებულ ქოხში გადასახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში ვეღარ აღასრულებდა წირვას, ბერი მაინც გულმხურვალედ განაგრძობდა ღვთისმსახურებას. როდესაც ეკითხებოდნენ ”ნუთუ, კიდევ გამოვიყენებთ ნოტებს? ” ღირსი მამა დამაჯერებლად პასუხობდა ”რა თმა უნდა! კიდევაც წავიკითხავთ და კიდევაც ვიგალობებთ”. იმ დროისთვის წარმოუდგენელი წინასწარმეტყველება ოციოდე წელიწადში ახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერნიგოვოს მონასტერი კვლავ გაიხსნა. ღირსი ლავრენტის მოწოდებას გამოეხმაურნენ მორჩილები და ადგილობრივი მცხოვრებლები და დიდი შრომის შედეგად გაპარტახებული მონასტრი კვლავ აღადგინეს.

ცხოვრების ბოლო წლები

ღირსი მამის დიდი სიყვარული და მისი სულიერი ძალა უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე. ღირსი ლავრენტი დიდი ფსიქოლოგიც იყო; მას შეეძლო ადამიანის სულიერი სამყაროს ამოცნობა თვით უმცირედ დეტალებამდე. ღირს ლავრენტის, გადმოცემის თანახმად სასწაულთმოქმედების ნიჭიც გააჩნდა. მან, აგრეთვე, მრავალი ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას. ღირსი მამის ნიჭით განცვიფრებულ ხალხს აინტერესებდა, თუ როგორ შეეძლო ბერს სცოდნოდა თვითოეული მომსვლელის გასაჭირი და ყოველთვის მართებული რჩევა მიეცა. ერთ-ერთმა მომლოცველმა გაბედა და ჰკითხა ღირს ლავრენტის ამ საიდუმლოს შესახებ. ბერმა უპასუხა ”აზრს წარმართავს ღმერთი და პასუხიც დაუყოვნებლივია”.

გარდაცვალება

სქიარქიმანდრიტი ლავრენტი გარდაიცვალა 1950 წ. 19/6 იანვარს. ღირს მამასთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მოვიდა, მათ შორის ოფიციალური პირებიც. ღირსი ლავრენტი დიდი რიდით ჩაასვენეს სასახლეში, რომელიც 20 დღე თავახდილი იდგა წმ. სამების ტაძარში. ბერი სასახლეში უხრწნელი იწვა. მღვდელმსახურები ყოველდღიურად ატარებდნენ პარაკლისს. მომდევნო 20 დღე სასახლე თავდახურული ესვენა. გარდაცვალებიდან მე-40-ე დღეს, 1950 წ. 20 თებერვალს სქიარქიმანდრიტი ლავრენტი დაკრძალეს წმ. სამების ტაძარში. ჩერნიგოვის მონასტრის მორიგ დახურვამდე, 1950 წლიდან 1962 წლამდე, ღირს ლავრენტის რეგულარულად უხდიდნენ პარაკლისს. 26 წ. შემდეგ ჩერნიგოვის წმ. სამების ტაძარი კვლავ გაიხსნა. 1988 წლიდან მორწმუნეებს კვლავ მიეცათ საშუალება მოილოცონ წმინდანის საფლავი.




უნიკალური კადრები სსრკ უშიშროების არქივიდან
(გასაჯაროვდა სსრკ დაშლის შემდეგ)

კანონიზაცია

სქიარქიმანდრიტი ლავრენტი რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველის სახელით. კანონიზირებულია 9/22 აგვისტოს, 1993 წ.

სქიარქიმანდრიტ ლავრენტის დაკრძალვა. 1950 წ. 20 თებერვალი.





წინასწარმეტყველებები

ღირსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი ქრისტიანულ სამყაროში განსაკუთრებულად ცნობილია თავისი წინასწარმეტყველებებით ბოლო ჟამზე. წმინდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სწავლება არ იყო ზოგადრუსული: ”მამებო და ძმებო... მე მხოლოდ რუსეთისთვის არ ვლაპარაკობ, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სიტყვები, რომელთაც წარვმოვთქვავ, სარწმუნოა, რადგან, სულიწმინდის მადლით მეუწყა”.

* საჭიროა ფხიზელი და ფრთხილი იყო, რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. შეხედეთ, რაოდენ ბევრია წინასწარმეტყველება ჩვენს უკანასკნელ საუკუნეზე და არცერთი მომდევნოზე! იქნებ იმიტომაც, რომ მომავალი საუკუნე აღარ დადგება? ჩვენი დრო განსაკუთრებულია... ნუ გაიკვირვებთ, როცა გაიგებთ, რომ ტაძრებში ისე აღარ ლოცულობენ. თავდაპირველად იტყვიან, რომ ფსალმუნები აღარ იკითხონ, შემდეგ - ჟამნები. უფალი მოითმენს, მოითმენს და მერმე იფეთქებს! მეორედ მოსვლა შორს აღარაა!

* უკანასკნელ ჟამს ბევრი ადამიანი დაავადდება თავით, მაგრამ თუ ბოლომდე დაითმენენ, ცხონდებიან!

* დგება უკანასკნელი ჟამი, როდესაც სასულიერო პირთ გაიტაცებს ამქვეყნიური ამაოება და სიმდიდრე: ექნებათ მანქანები და აგარაკები, ივლიან კურორტებზე, წაერთმევათ იესუს ლოცვა! ისინი სულაც დაივიწყებენ მას! შემდეგ ისინი თვითონ გაჰყვებიან იმ გზას, რომელზეც არ უნდა იარებოდნენ და სულმოკლეებსაც აიყოლიებენ! თქვენ კი ბრძენნი და განმსჯელნი იყავით. მათ ლამაზ სიტყვებს უსმინეთ, ხოლო მათსავე საქმეებს ნუ მიჰბაძავთ!

* უკანასკნელ ჟამს ცხონება ძნელი არაა, მაგრამ ბრძნული. ვინც ყველა ამ ცდუნებას გადალახავს, ცხონდება! პირველთა შორის იქნება. უწინდელნი იქნებიან ვითარცა მნათობნი, ხოლო უკანასკნელნი - როგორც მზე.

* ანტიქრისტეს გამეფებამდე ცოტა ხნით ადრე დაკეტილი ტაძრებიც გარემონტდება და არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. მოაოქროვებენ ტაძრებსა და სამრეკლოების გუმბათებს, ხოლო როცა დაასრულებენ მთავარს, ანტიქრისტეც გამეფდება. ილოცეთ, რათა უფალმა ეს დრო გაგვიხანგრძლივოს განსამტკიცებლად: საშინელი დროება გველოდება. ტაძრების რესტავრაცია ანტიქრისტეს გამეფებამდე გაგრძელდება და არნახული ბრწყინვალება იქნება მათში.

* ღირსმა ლავრენტიმ ერთ დიაკონს, რომელიც ახლა უკვე მოხუცებულია, პირდაპირ უთხრა: - შენ მოესწრები ანტიქრისტეს გამოჩენას! ნუ შეშინდები, ყველას ამცნე, რომ იგი ანტიქრისტეა!

* დადგება დრო, როდესაც იქნება „ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი“ და გაჩაღდება მსოფლიო ომი. შუა ომში იტყვიან: მოდით, ერთი ამოვირჩიოთ და მან მართოს მთელი ქვეყანა. აირჩევენ კიდეც! ანტიქრისტეს როგორც საყოველთაო მმართველს და დედამიწაზე უმთავრეს „მშვიდობისმყოფელს“ ამოირჩევენ. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ და ფხიზლად ვიყოთ! როგორც კი მთელს ქვეყანაზე საყოველთაო არჩევნები გამოცხადდება, იცოდეთ, რომ იგი ანტიქრისტეა და ხმის მიცემა არ შეიძლება!

* ანტიქრისტე მეფედ იერუსალიმის ბრწყინვალედ აღდგენილ ტაძარში იკურთხება და მის კურთხევაში რუსეთის პატრიარქი და სამღვდელოებაც მიიღებს მონაწილეობას. იმხანად იერუსალიმში მიმოსვლა დაუბრკოლებლად შეიძლება ყველასთვის, მაგრამ თქვენ ეცადეთ, არ გაემგზავროთ, რადგან ყველაფერი იქნება გაკეთებული „ცთუნებამდე“ (მათე, 24; 24), მოსახიბლად!

* რუსები ბოლო ჟამს მოინანიებენ სასიკვდინე ცოდვებს: მასონთა უსჯულოება რომ დაუშვეს და არ დაიცვეს ღვთის ცხებული მეფე, ეკლესია-მონასტრები და სხვა სიწმინდეები.

* (წინასწარმეტყველება ტელევიზორზე) უწინ კუთხეში მაგიდა იდგა წმ. ხატებით, შემდეგ კი მაცთურ ყუთს დადგამენ ადამიანების მოსახიბლად. მრავალი ჭეშმარიტებისა გზისაგან შეცდომილი იტყვის: ჩვენ გვსურს მოვუსმინოთ ახალ ამბებს. აი, სწორედ ახალ ამბებში წარმოსდგება ანტიქრისტე და ისინიც გაჰყვებიან მას.

* ვინც ანტიქრისტეს უყურებს და დაიჯერებს მის ღვთისმგმობ ლაპარაკს, ყველა მიწიერი სიკეთის დაპირებით მოიხიბლება და თაყვანს სცემს მას, რის გამოც მასთან ერთად წავა საუკუნო ცეცხლში!