XX საუკუნის მოღვაწენი

მამა ეფრემ არიზონელი



არქიმანდრიტი ეფრემი (მორაიტისი, ასევე ცნობილია, როგორც ეფრემ ფილოთეოსელი, ბერძ. Εφραίμ Φιλοθεΐτης და ეფრემ არიზონელი, ბერძ. Εφραίμ Αριζόνας, ინგ. Ephraim of Arizona). დაბ. 1928 წლის 24 ივნისი, ვოლოსი, თესალია, საბერძნეთი - გარდ. 2019 წლის 7 დეკემბერი, წმინდა ანტონის მონასტერი, არიზონა, ამერიკის შეერთებული შტატები) - კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის არქიეპარქიის სასულიერო პირი, არქიმანდრიტი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მართლმადიდებელი მისიონერი.

მ. ეფრემი ახალგაზრდობაში მოღვაწეობდა ათონის მთაზე და იყო სახელგანთქმული ათონელი ბერის წმ. იოსებ ისიხასტის მორჩილი და მოწაფე. არქიმანდრიტ ეფრემის ძალისხმევით აღდგა სამონასტრო ცხოვრება არაერთ ათონურ სკიტში. 1979 წელს არქიმანდრიტ ეფრემს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მისმა სულიერმა შვილებმა კანადიდან შესთავაზეს ოპერაციის გაკეთება კანადაში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არქიმანდრიტი ეფრემი იმყოფებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხვდებოდა ბერძნული დიასპორის წარმომადგენლებს და სულიერად კვებავდა მათ. ამ ხნის განმავლობაში იგი დარწმუნდა, რომ სულიერი ცხოვრება ბერძნულ ემიგრანტულ გარემოში ძლიერ იყო დაკნინებული: ხალხი დიდხანს რჩებოდა აღსარების გარეშე; მძიმე ცოდვებით დამძიმებულნი, სრულიად მოუმზადებელნი მიდიოდნენ ზიარებაზე; მართლმადიდებლური ცხოვრებიდან განცალკევებულნი, მრევლი თანდათან ივიწყებდა ეროვნულ ტრადიციებს და ღირებულებებს.

ამერიკელი და კანადელი ბერძნები უზარმაზარ სულიერ დახმარებას გრძნობდნენ ათონელი ბერისგან და ხშირად სწერდნენ წერილებს დაბრუნებულიყო ამერიკაში. მ. ეფრემმაც უფრო და უფრო ხშირად იწყო ამერიკაში მოგზაურობა. ჯერ კანადაში ეწვია მრევლს (ტორონტო, ვანკუვერი, მონრეალი); შემდეგ დაიწყეს მისი მიწვევა აშშ-ში. მსგავსი ვიზიტები შეერთებულ შტატებსა და კანადაში რეგულარული გახდა. ბოლოს, ათონის მთის წმინდა კინოტმა გაფრთხილება მისცა მ. ეფრემს - შემდგომი მოღვაწეობისთვის მას უნდა აერჩია ან ათონის მთა, ან ამერიკა. მ. ეფრემმა გადაწყვიტა გადასულიყო აშშ-ში - სამწყსოს სულიერი საზრდოსთვის და ჩრდილოეთ ამერიკის ბერძნულ თემებში სულიერი ცხოვრების აღორძინებისთვის.

თავდაპირველად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკის არქიეპარქიის სინოდმა არქიმანდრიტი ეფრემი არ მიიღო და ის იძულებული გახდა დახმარებისთვის მიემართა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას საზღვარგარეთ (ინგ. ROCOR – Russian Orthodox Church Outside Russia; რუს. РПЦЗ). როგორც თავად მამა ეფრემი იხსენებს: „აქ მიმიღეს დიდი სიყვარულით და გულწრფელი გაგებით“. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მ. ეფრემი იმყოფებოდა ROCOR-ის წიაღში, სანამ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკვე სახელგანთქმული ათონელი ბერი ეფრემი პირად მფარველობაში არ აიყვანა. გადაწყდა მისი იურისდიქციისა და უფლებამოსილების საკითხიც და მას მიენიჭა ექსკლუზიური უფლება გაეხსნა მონასტრები კანადასა და შეერთებულ შტატებში მისი პირადი შეხედულებისამებრ.



მ. ეფრემმა მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება დაუთმო მისიონერულ მოღვაწეობას, რომლის საფუძველს წარმოადგენდა მართლმადიდებლური მამათა და დედათა მონასტრების გახსნა აშშ და კანადაში, რომლებიც მალე იქცნენ სულიერ ცენტრებად. პირველი მონასტერი 1989 წელს დაარსდა (ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი პენსილვანიაში, ქალაქ პიტსბურგთან). 1995 წელს არქიმანდრიტმა ეფრემმა არიზონას შტატში, უდაბნოში, დააარსა დღეს უკვე დიდად ცნობილი მონასტერი ანტონი დიდის საპატივცემულოდ, სადაც თავად დასახლდა. მთლიანობაში, მისი მოღვაწეობის შედეგად ამერიკასა და კანადაში 19 მამათა და დედათა მონასტერი დაარსდა. მ. ეფრემი გარდაიცვალა წმინდა ანტონის მონასტერში, არიზონაში, 2019 წლის 7 დეკემბერს, 91 წლის ასაკში.








წმ. ანტონ დიდის მონასტერი არიზონაში

წმ. ანტონ დიდის მონასტერი არიზონაში

მამა ეფრემის პანაშვიდი